ლევან დავითაშვილი : USAID კვლავაც განაგრძობს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერას

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს, მარგო ელისს შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტები REAP (რეგიონებში ეკონომიკური აქტივობების გაუმჯობესება), ZRDA, G-HIP (საქართველოს თხილის მწარმოებელთა და იმპორტიორთა მხარდაჭერის პროგრამა) დადებით გავლენას ახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის დინამიკურ განვითარებაზე და ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ტექნიკური დახმარების კომპონენტის გამოყენებით, გაიღრმავონ ცოდნა, ხოლო საგრანტო ნაწილის მეშვეობით – აწარმოონ პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე.

მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებთან ერთად, USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტები ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების, ფინანსური რესურსებისა და ცოდნის მობილიზებას ფერმერებში. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, ამ მიმართულებებში უკვე 60 მლნ დოლარია ინვესტირებული.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ბოლო დროს გავრცელებული საკარანტინო მავნებლის – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „მთავრობა მთავრობისთვის“ პროგრამის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობათა განვითარების პროექტის განხორციელება. მან აღნიშნა, რომ ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელია USAID-ის პროგრამების გაგრძელება და საგრანტო კომპონენტის შენარჩუნება ფერმერებისთვის.

როგორც მარგო ელისმა განაცხადა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში დამოუკიდებელ პროექტს სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერისთვის იწყებს, რომელიც ინდივიდუალური ფერმერებისთვის, კოოპერატივებისა და დარგში მოღვაწე ასოციაციებისთვის, როგორც ტექნიკური, ასევე საგრანტო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ლევან დავითაშვილთან ერთად, შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში(USDA).

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები