ბოლნისის სიონის ტერიტორიაზე გეოფიზიკური კვლევის პროექტი განხორციელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციტივით და დაფინანსებით, გეოფიზიკური კვლევის პროექტი ქვემო ქართლში ქვეყნის ერთ-ერთი უძველეს – V საუკუნის ტაძრის, ბოლნისის სიონის ტერიტორიაზე განხორციელდება.
25 აპრილს ბოლნისის სიონში დაწყებულ გეოფიზიკური კვლევებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი და ბოლნისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე ეფრემი აკვირდებოდნენ. კვლევები აკადემიკოს თამაზ ჭელიძის ხელმძღვანელობით და გეოფიზიკოს, დოქტორ დავით ოდილავაძის მიერ ხორციელდება.
ბოლნისის სიონის კვლევა ჯერ კიდევ 1916 წელს გიორგი ჩუბინაშილის ხელმძღვანელობით დაიწყო. ტაძრის ფართო შესწავლა გასული საუკუნის 30-იან წლებში განხორციელდა. ბოლნისის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ბოლოს 1970-იან წლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბოლნისის სიონის უძველესი კედლები ინახავს და ადასტურებს ქართული ენისა და წერის უძველეს ნიმუშებს. ქართული არქიტექტურული ძეგლებიდან ასევე ბოლნისის სიონში ვხვდებით პირველ რელიეფურ სკულპტურულ გამოსახულებებს – ხარის თავს, სხვადასხვა ფრინველს, ცხოველებს, გეომეტრიულ სახეებსა და მცენარეულ მოტივებს.
ბოლნისის სიონის ტაძრის ტერიტორიის გეოფიზიკური კვლევით შეიქმნება სრული სურათი, თუ კონკრეტულად რომელ უბანში და მონაკვეთზე უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური კვლევები, რომელიც საბოლოოდ ქვეყნისა და ტაძრის შესახებ დამატებით საინტერესო და მნიშვნელოვან ისტორიას წარმოაჩენს და ხელს შეუწყობს ბოლნისის სიონის მიმდებარედ სამონასტრო ცხოვრებისა და ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობის დაგეგმვასა და განვითარებას.
შეგახსენებთ, ბოლნისის სიონის ეზოში შემთხვევით აღმოჩენილი მონეტა და უძველესი ქვები ტაძრის ტერიტორიის სრული შესწავლის აუცილებლობას ქმნის.
გეოფიზიკოსების კვლევები არქეოლოგებს საშუალებას მისცემს, წინასწარ განსაზღვრულ, თუ შემდგომში ტერიტორიის რომელ მონაკვეთზე დაგეგმონ და აწარმოონ არქეოლოგიური სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები