ვახტანგ შაქარიშვილი: ოპოზიცია გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე ტყუილებს ავრცელებს

„ტყუილია ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მთავრობას  ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვაზე მოთხოვნა გადაეგზავნა“,- განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, ეს არის გამარტივებული გზით შესყიდვის მოთხოვნა, რაც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის პროცედურისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

„მოთხოვნა ეგზავნება ჯერ შესყიდვების სააგენტოს, საიდანაც გაიცემა პირველადი თანხმობა, შემდეგ ბრუნდება ისევ თბილისის განვითარების ფონდში.  ფონდი მიმართავს დედაქალაქის მთავრობას და შემდეგ უკვე დედაქალაქის მთავრობა მიმართვას ცენტრალურ ხელისუფლებას,  რომ გაიცეს ნებართვა. ეს არის სახელმწიფო შესყიდვების კანონის მუხლი, რომელიც იძლევა სპეციფიკური მნიშვნელობის ობიექტებზე დაჩქარებულად, გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებას და ეს არის სწორედ ის მუხლი, რომელიც თბილისის განვითარების ფონდს ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის, ძეგლების რეაბილიტაციისთვის უნდა ეძლეოდეს“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

რაც შეეხება 50 მილიონის მოცულობის შესყიდვას, მისი თქმით, ამაზე ჯერ ნებართვა არ არსებობს, შესაბამისად, სანამ ნებართვა არ იქნება, ფასთა გამოკითხვის პროცესის წარმოებაც შეუძლებელი იქნება. ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი კონკურსის მეშვეობით ხორციელდება, კონკურსი კი ფასთა გამოკითხვას ითვალისწინებს.

„ძეგლების რეაბილიტაცია არ არის ჩვეულებრივი სამშენებლო პროცესი, ამ მიმართულებით მოქმედ ძალიან ცოტა კომპანიას აქვს შესაბამისი გამოცდილება. დღეს მიმდინარე პროექტებზე, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს, 10-მდე სხვადასხვა მსხვილი კომპანია და 25-მდე შედარებით მცირე კომპანიაა დასაქმებული. ასე რომ, ოპოზიციის განცხადება ერთ პირთან მოლაპარაკების თაობაზე არის მორიგი ტყუილი,“- განაცხადა  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ.

ვახტანგ შაქარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციას ავრცელებს.

„თქვენ იმაზეც საუბრობთ, რომ 35 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი შემცირებულია, რომ პლუსი მინუსია, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენ დღეს მხარს დავუჭერთ კიდევ 35 მილიონი ლარით გაზრდილ ბიუჯეტს, რომელიც  პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას მოხმარდება,“- განაცხადა  საკრებულოს წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები