იმედა დვალიძე: გიორგი სალაყაია ცრუობს, 1 200 000 დოლარი წილის შესაძენად არ გადაუხდია

„კომპანია გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელმა თეიმურაზ უბილავამ და ამავე კომპანიის ადვოკატებმა, იმედა დვალიძემ და დიმიტრი ხაჩიძემ, გიორგი სალაყაიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართეს. იმედა დვალიძემ გიორგი სალაყაია „ბადაგონის“ წილის საკითხში სიცრუეში ამხელს.
სალაყაია აცხადებს, რომ კომპანია „ბადაგონის“ წილის საფასურად გადაიხადა არა 30 ათასი დოლარი, არამედ 1 200 000 აშშ დოლარი, რაც ადვოკატების თქმით, ტყუილს წარმოადგენს, რადგან 1 200 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა არა სალაყაიამ, არამედ კომპანია „ბადაგონმა“.
ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი დვალიძე ამბობს, რომ 1 200 000 დოლარი წარმოადგენდა არა წილის საფასურს, არამედ „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის” წინაშე, კომპანია „ბადაგონის“ დავალიანების ნაწილის დასაფარად გადახდილ თანხას, რის შესახებაც პირდაპირ არის მითითებული გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში.
“ხაზგასმით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ეს მილიონ 200 ათასი დოლარი არ გადახდილა, წილის ნასყიდობის საფასურად. წილის ნასყიდობა არ მომხდარა. მილიონ 200 ათასი დოლარი გადაიხადა „ბადაგონმა“ და ეს თანხა წარმოადგენდა „ბადაგონის“ დავალიანების ნაწილს, რომელიც მას გააჩნდა „გრაკოროს“ მიმართ. ეს იყო ვალის ნაწილის გადახდა“,-აღნიშნა იმედა დვალიძე.
დვალიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და კომპანია „ბადაგონს“ თხოვს, გამოაქვეყნონ ეს დოკუმენტი და საზოგადოებას აჩვენონ რა დანიშნულებაა მითითებული მილიონ 200 ათასი დოლარის გადახდის დოკუმენტში. რა იყო ამ თანხის გადახდის მიზანი და დანიშნულება.
ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ ხაზი გაუსვა: „ერთადერთი თანხა, რაც მიიღო „გრაკორომ“ განხორციელებული ინვესტიციების სანაცვლოდ, ეს არის 1 200 000 დოლარი, მაგრამ ეს თანხა მიიღო „ბადაგონისგან“ და არა სალაყაიასგან. ეს თანხა მიიღო ვალდებულებების დასაფარად და არა წილის გაყიდვის თვალსაზრისით“.
თეიმურაზ უბილავამ აღნიშნა, რომ წილის გასხვისების თაობაზე, სალაყაიასთან საუბარი არასდროს ყოფილა და რომ იგი მზადაა, მომავალშიც ამხილოს ყველა ტყუილი, რომელსაც გიორგი სალაყაია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები