გარემოს დაცვის სამინისტრო გლდანის ტბის წყალს და დახოცილ თევზებს ლაბორატორიულ კვლევას ჩაუტარებს

გარემოს დაცვის სამინისტრო გლდანის ტბის წყალს და დახოცილ თევზებს ლაბორატორიულ კვლევას ჩაუტარებს, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების თანამშრომლებმა გლდანში, „თეთრ ტბაზე“ დახოცილი თევზების შესახებ შესული შეტყობინების საფუძველზე ტბის ტერიტორია დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში, „თეთრი ტბების“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ადგილზე დაფიქსირდა თევზების დაღუპვის და ნაპირზე გამორიყვის ფაქტი.
„ადგილზე აღებული იქნა წყლის სინჯები, რომელსაც ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევა. ასევე აღებული იქნა თევზის სინჯები და დადგინდება დაავადებულია თუ არა თევზი. ტერიტორია იმყოფება კერძო საკუთრებაში და ფლობს შპს „თეთრი ტბები“. ამ ეტაპზე დეპარტამენტში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და კომპანიიდან გამოთხოვილია შესაბამისი დოკუმენტაცია“, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში „თეთრი ტბა“ მკვდარი თევზებით არის დაფარული, რის შესახებაც „კვირას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ ვახტანგ მამალაძემ განუცხადა. როგორც მამალაძე აღნიშნავს, გუშინ გლდანის „თეთრ ტბაზე“ იგი თავად იმყოფებოდა. მამალაძის განმარტებით, გლდანის ტბას ეკოლოგიური პრობლემები აქვს, ტბის ბიოგეოცენოზი დარღვეულია და საჭიროა წყალის სასწრაფო ლაბორატორიული გამოკვლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები