ნაცვლიშვილის აზრით, მარგველაშვილი სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიწყალებს

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთის „პოლიტიკური ტყუპისცალები არიან“.
როგორც ნაცვლიშვილმა „იმედის“ ეთერში აღნიშნა, მარგველაშვილი და სააკაშვილი მეგობრები და ერთად გაზრდილები არიან.
კითხვაზე, თუ ასეთ ახლო ურთიერთობაში იმყოფებიან მარგველაშვილი და სააკაშვილი, მაშინ რატომ არ იწყალებს მოქმედი პრეზიდენტი ყოფილს, ნაცვლიშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნას შეწყალებული.
„არ არსებობს არანაირი შეწყალების საქმე, ისევე როგორც არ არსებობს პიჯაკების საქმე, ისევე როგორც არ არსებობდა არანაირი ვაშლის გაჭრის საქმე. ეს არის პროპაგანდისტური ხრიკები, რომელსაც ერთი-ერთში იმეორებს მიხეილ სააკაშვილის ტყუპის ცალი, მისი ყველაზე ძვირად ანაზღაურებად უსინდისობაზე, კონსტიტუციური ხელშეუხებლობით აღჭურვილი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ქვეყნის სირცხვილია და ეწევა საკუთარი სამშობლოს დისკრედიტაციას და შავ პიარს საერთაშორისო მასშტაბით“,- განმარტა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით მარგველაშვილს „გაუჭირდება დისკრედიტაცია იმიტომ, რომ ყველამ იცის ვისთან გვაქვს საქმე“.
„ის არის არჩეული პრეზიდენტი, ის არის მაღალი ლეგიტიმაციის პირი და ის აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრი დაედო შერჩევითი მართლმსაჯულების პირობებში, უკანონოდ და აცხადებს მას პოლიტპატიმრად, ამზადებს მას შესაწყალებლად. ხოლო როდის შეიწყალებს მიშას ნაცვალი მიშას, ეს დამოკიდებულია მის პოლიტიკურ აჯენდაზე. ეს პოლიტიკური დღის წესრიგი დადგება მხოლოდ არჩევნების მერე. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსებობს გარკვეული მორალური ზღვარი. მე მესმის რა არის პოლიტიკა, მესმის რა არის პოლიტიკური დაპირისპირება, მესმის რა არის უფლებამოსილება, სიმკაცრე – ყველაფერი შეიძლება გაიგო, მაგრამ, მე მინდა გაგახსენოთ 2013 წლის 27 ოქტომბერი და პრეზიდენტ მარგველაშვილის საარჩევნო სლოგანი „27 ოქტომბერს მთავრდება კოჰაბიტაცია“. დიახ, 27 ოქტომბერს დამთავრდა კოჰაბიტაცია და დაიწყო მიხეილ სააკაშვილის რევანში და ამ რევანშის პირველ ვიოლინოს წარმოადგენს პრეზიდენტი მარგველაშვილი, სააკაშვილის ადგილმონაცვლე და მისი პოლიტიკური ტყუპისცალი“, – აღნიშნა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები