ტუბერკულოზის შემთხვევა ბაღში – რა სიხშირით გადიან პედაგოგები სამედიცინო შემოწმებას და არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები აღმოაჩნდა. ფაქტმა მშობლებში, გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. „კვირა“ დაინტერესდა, თუ რა პერიოდულობით გადიან ბაგა–ბაღების თანამშრომლები სამედიცინო შემოწმებას და როგორ ხორციელდება მონიტორინგი.როგორც ირკვევა, საჯარო ბაღების პედაგოგები ვალდებულნი არიან, სამედიცინო შემოწმება ყოველწლიურად გაიარონ.
„კვირასთან“ საუბარში თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ვალდებულება ბაღებს შინაგანაწესში უწერიათ, ხოლო აქვს თუ არა ამა თუ იმ სკოლის თანამშრომელს პრევენციული სამედიცინო შემოწმება გავლილი, ამას მონიტორინგს ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები უწევენ.
რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, გვანცელაძე ამბობს, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ 152–ე ბაგა–ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები ჰქონდა, ჩვენ დაუყონებლივ მივმართეთ სათანადო ღონისძიებებს, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ის აღსაზრდელები და თანამშრომლები, რომლებსაც აღნიშნულ პედაგოგთან შეხება ჰქონდათ, სპეციალურ კვლევებს გადიან. პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ზოგადად, საჯარო ბაღებს შინაგანაწესში უწერიათ, რომ ბაღების პერსონალი ვალდებულია გეგმიურად გაიაროს სამედიცინო შემოწმება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მონიტორინგს ვუწევთ იმას, ეს შემოწმებები ტარდება თუ არა“, – აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.
 „კვირასთან“ საუბარში თბილისის 152–ე ბაღის დირექტორი მაკა ჭანტურია აცხადებს, რომ პედაგოგს, რომელსაც ტუბერკულოზის ნიშნები აღმოაჩნდა, შესაბამისი პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება გავლილი ჰქონდა. „პედაგოგს გავლილი ჰქონდა შესაბამისი, გეგმიური სამედიცინი შემოწმება, როგორც ჩანს მერე გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამართლებრივად ყველა დოკუმენტი წესრიგში გვაქვს, ზოგადად პანიკის საფუძველი არ არსებობს“ – აცხადებს მაკა ჭანტურია. მისივე თქმით, აღსაზრდელებს, რომელთაც აღნიშნულ პედაგოგთან შეხება ჰქონდათ, გამოკვლევები უტარდებათ. „კვირასთან“ საუბარში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი აცხადებს, რომ ცენტრში დაავადების გამოვლენის შემდეგ ჯგუფის 28 ბავშვი მიიყვანეს შემოწმებაზე. პროფილაქტიკური გამოკვლევები უტარდებათ ბაღის თანამშრომლებსაც. „კონკრეტულ პედაგოგთან მიმართებაში, სათანადო პროცედურების გატარების შემდეგ დადგინდა, რომ საქმე გვქონდა ტუბერკულოზით ავადობის შემთხვევასთან, მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები, სხვათაშორის ძალიან ოპერატიული, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პედაგოგის სააღმზრდელო ჯგუფის ბავშვების, ასევე პედაგოგიური კოლექტივის პროფილაქტიკური კვლევები, რათა დავადგინოთ დაავადების გავრცელების შემთხვევასთან ხომ არ გვაქვს საქმე, ეს ყველაფერი მაღალი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. საქართველოში ამ დიაგნოზით 3000 დაავადებულია და იოლად რომ ვრცელდებოდეს, საშინელი შედეგები გვექნება, ამიტომ ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არ მგონია, რომ საფუძვლიანი იყოს, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა აუცილებლად საჭიროა“– აცხადებს ზაზა ავალიანი.

მისივე თქმით, პედაგოგი, რომელსაც ტუბერკულოზის ნიშნები დაუდგინდა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში გადის მკურნალობას.
ზაზა ავალიანი ამბობს, რომ ერთ–ერთ ბაღში ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც დაფიქსირდა და დაავადებულს სათანადო მკურნალობა გაეწია.
„ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ბაღების სააგენტოსთან და ეს უკვე მეორე შემთხვევა გამოვავლინეთ, სამწუხაროდ შარშანაც იყო ერთი შემთხვევა. მაშინ ქალბატონმა ჩვენთან მკურნალობის კურსი გაიარა, საკმაოდ რთული შემთხვევა გახლდათ და უკვე გაჯანსაღებულია. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, გამოკვლევა ჩატარდა უახლოესი ტექნოლოგიით „ჯინ ექსპერტ მანქანით“, რომელიც ავლენს არამხოლოდ ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირს, ასევე საზღვრავს მგრძნობელობას ანტიბიოტიკების მიმართ და საბედნიეროდ, აღნიშნული შემთხვევა ანტიბიოტიკური კომბინაციით მკურნალობას ექვემდებარება, შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ კეთილსაიმედო გამოსავალი იქნება.“, –განუცხადა „კვირას“ ზაზა ავალიანმა.
აღსანიშნავია, რომ სავალდებულო სამედიცინო შემოწმებისა და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოკვლევების თაობაზე, ბაგა –ბაღების მართვის სააგენტოს მოთხოვნა, კერძო ბაღებზე არ ვრცელდება.
თუმცა, როგორც „კვირასთან“ საუბარში კერძო ბაღების წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული სტანდარტით თავადაც ხელმძღვანელობენ.
„ჩვენი ბაღის პედაგოგები მინიმუმ წელიწადში ერთხელ – სასწავლო წლის დასაწყისში აუცილებლად გადიან პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას, ეს ჩვენი შინაგანაწესით სავალდებულო კომპონენტია“ – განუცხადეს „კვირას“ ბაგა– ბაღ „ბალუში“.
იმავეს აცხადებენ ბაღ „ქინდერლენდში“
„გარდა იმისა, რომ ჩვენი პედკოლექტივი გადის სათანადო სამედიცინო შემოწმებას, დაზღვევაც აქვთ და ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჯანმრთელობის ცნობა მოაქვთ, ჩვენ პედიატრიც გვყავს ბაღში და ბავშვებს შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობის გარეშე არ ვღებულობთ“, –აღნიშნავენ „ქინდერლენდში”.
ცოტა ხნის წინ, საბავშვო ბაღში პედაგოგისთვის დასმული ტუბერკულოზის დიაგნოზის საკითხს დედაქალაქის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრევენციის მიზნით, ყოველწლიურად პედაგოგები ვალდებულები არიან, ამ მიმართულებით შემოწმება გაიარონ და ეს მკაცრი მოთხოვნაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები