დღეს ნათლისღებაა

0

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა და ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას, მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
 
ტაძრებში დღეს წყალი ეკურთხება. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე შეასრულებს. უწმინდესი ახლად ნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს.
მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ. დიდი აიაზმის წესით, წყალი ნათლისღების წინა დღე, გუშინაც ეკურთხა.
 
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი