სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგად, კომპანიების მიერ სტანდარტების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

0

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. პროექტის ფარგლებში, რომელიც პირველად ჩატარდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, სს „თელასის“, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების პროცესი შემოწმდა. კვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციები და მათ შესასრულებლად ვადები განესაზღვრათ.
სემეკის ინფორმაციით, კვლევა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების განაცხადის ჩაბარებასა და 5 დღის განმავლობაში კომპანიების მიერ მათზე რეაგირებას მოიცავდა. კვლევის შედეგად მომსახურების პირობების შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:
– რიგი სამივე კომპანიის სათავო ოფისში სხვადასხვა სამუშაო საათებში;
– მოქალაქეს სს „თელასის“ მომსახურების ცენტრში უარი ეთქვა განაცხადის ჩაბარებაზე იმ მიზეზით, რომ მიერთების განაცხადი ბარდება მხოლოდ კომპანიის სათავო ოფისში. სს „თელასის“ მომსახურების ცენტრები მუშაობს 09:00-18:00-მდე, მიუხედავად ამისა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის მიღება ხდება 16:00 საათამდე.
– მოქალაქე მიერთების განაცხადის ჩაბარებისას არ ითხოვდა შიდა ქსელის მოწყობას და განმარტა, რომ შიდა ქსელი უკვე ჰქონდა მოწყობილი, მიუხედავად ამისა შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მიერ მოთხოვნილი იქნა შიდა ქსელის აზომვითი ნახაზი, როგორც განცხადების ჩაბარების პირობა.
– მოქალაქემ წინასწარ გადაიხადა მიერთების საფასური, რის შემდეგაც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ უარი ეთქვა თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის ჩაბარებაზე და მოთხოვნილი იქნა ბეჭდით დამოწმებული ამონაწერი ბანკიდან, საბანკო რეკვიზიტების მითითებით. მომხმარებელმა ვერ ჩააბარა განაცხადი, მიუხედავად იმისა, რომ მიერთების განაცხადში მითითებული ჰქონდა საბანკო რეკვიზიტები, სადაც შესაძლო უარის შემთხვევაში მოხდებოდა თანხის დაბრუნება.
დარღვევები დაფიქსირდა მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმირების დროსაც. ამ მიმართულებით დარღვევები შეეხებოდა მომხმარებლის არასრულ ინფორმირებას როგორც განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და საკონტაქტო პირის შესახებ, ასევე 5 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის მიწოდებას განაცხადის დადგენის თაობაზე.
კომისია „მისტიური მომხმარებლის“ პროექტს აგრძელებს, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული ყველა კომპანიის მიერ მოქალაქეებისათვის გაწეულ სხვადასხვა მომსახურებებზე დაკვირვებას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი