ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

ინიციატივას მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ხოლო კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერენ, სხდომას არ ესწრებოდნენ.

“ჯანდაცვის კომიტეტი არის სავალდებულო კომიტეტი, მაგრამ არა წამყვანი აღნიშნული საკითხის განხილვაზე. საბოლოო ჯამში იურიდიული კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ შუალედური კომიტეტის სახით, რომ შეგვეჯერებინა ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები და გვეთხოვა კომიტეტის წევრებისთვის მხარდაჭერა პრინციპების დონეზე. ოდენობები როგორი უნდა იყოს, ჯერ კიდევ შესათანხმებელია, ისევე, როგორც კონკრეტული სანქციები როგორი უნდა იყოს. ეს ყველაფერი კონსულტაციის საგანი რჩება. ამ ეტაპზე კომიტეტს ვთხოვეთ, გამოეხატა პოზიცია პრინციპებთან მიმართებაში”,- განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის პრინციპები მდგომარეობს იმაში, რომ გრძელდება დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გაყიდვის, გასაღების, გავრცელების მიმართ, ხოლო ნარკომომხმარებელი არ უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის კოდექსით.

“დავაზუსტებ, რომ ეს არ გულისხმობს ლეგალიზაციას. ეს არ გულისხმობს, რომ საჯარო მოხმარება, ჯგუფური მოხმარება, არასრულწლოვნის მიერ მოხმარება, ნარკოტიკების თრობის ქვეშ საჭის მართვა არ იქნება დასჯადი და დამამძიმებელი გარემოება. დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს, რომ დაშვებადი გახდება ნარკოტიკები”, – განაცხადა ზოიძემ.

ნარკოპოლიტიკის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო. კომიტეტის 6 წევრი, ნარკოლიბერალიზაციას მხარს არ უჭერს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კომიტეტის წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

10 დეკემბერს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით მშვიდობიანი აქციები გაიმართა.

30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები