“დავინახე, როგორ ჩხუბობდა პოლიციასთან“ – რას აცხადებს თვითმხილველი, რომელიც ზვიად რატიანის დაკავებას შეესწრო

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამართულ პროცესზე მოწმეები დაკითხეს – სამი პოლიციელი და ორი მოქალაქე, რომელიც პოეტის დაკავების ფაქტს შეესწრო.

”საღამოს გამოვიხედე ფანჯრიდან და დავინახე, რომ პატრულის თანამშრომლები ცდილობდნენ, დაეკავებინათ ნასვამი ადამიანი. ფაქტობრივად, მე გავიგე მისი გინების ხმა. დავინახე, როგორ ჩხუბობდა პოლიციასთან. მას უკვე ხელბორკილები ჰქონდა დადებული და ცდილობდა პოლიციისთვის ფეხი დაერტყა. მგონი უკვე დარტყმულიც ჰქონდა. 3 პოლიციელი იყო, მახსოვს, რაციები ჰქონდათ და კეპი ეხურათ. ის (რატიანი) ჩემგან ზურგით იდგა და მახსოვს, რომ ნასვამი იყო. მგონი მუქი წითელი ეცვა, შეიძლება ვცდებოდე. პოლიციელები ცდილობდნენ, მოლაპარაკებოდნენ მას, რომ ის ჩამჯდარიყო მანქანაში, ის წინააღმდეგობას უწევდა მათ. ჩემი სადარბაზოს პირდაპირ, პირველ სართულზე, კერძო სახლის ფანჯრიდან ვადევნებდი თვალ-ყურს”- აღნიშნა მოწმემ.

მეორე მოწმის თქმით, ის იმ ფაქტს მაშინ შეესწრო, როცა რატიანს უკვე ხელბორკილი ედო და ტროტუარზე იჯდა. მისი თქმით, ბორკილებდადებული რატიანი პოლიციის მისამართით იგინებოდა.

”თამარ მეფის გამზირზე საქმე მქონდა ბანკში. გავიგე ხმაური. კაცი იყო, ტროტუარზე იჯდა, დაჭერილი იყო. პოლიციელები იყვნენ, პოლიციელი იღებდა ტელეფონით, დაჭერილი ადამიანი აგინებდა. ის ეუბნებოდა, რატომ მაგინებო. შევედი ბანკში და რომ გამოვედი, არავინ არ იყო”- განაცხადა მეორე მოწმემ.

რუსლან გელაძემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, რომელიც ერთ-ერთია იმ სამართალდამცველთაგან, რომელმაც რატიანი დააკავა, პროცესზე აღნიშნა, რომ რატიანი უმისამართოდ ქუჩაში იგინებოდა და როცა ისინი მას გამოელაპარაკენენ, უკვე მათი მისამართით დაიწყო გინება.

”ფეხით ვმოძრაობდით თამარ მეფე-წინამძღვრიშვილის კვეთასთან. შევამჩნიე ხმაური. გინების ხმა იყო. დავინტერესდით, მივუახლოვდით. ჩვენთვის უცნობი მოქალაქე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ”თქვენ ვინ უნდა გააჩეროთ”- გვითხრა და ჩემს მეგობარს, ლაშა ჭანტურიას დაარტყა ხელი. ჩემს თანამშრომელსაც მოუქნია ხელი. ვცდილობდით შეჩერებას. დაკავების მერე, აღნიშნულმა პიროვნებამ ჯიბეზე ხელი ჩამომდო და ჩამომგლიჯა. როცა დავაწვინეთ, ხელბორკილები დავადეთ და დავიწყე გადაღება, აგრძელებდა ლანძღვა-გინებას. გამოვიძახე დამატებითი ჯგუფი. მოვიდნენ. ეს არ იყო საპოლიცოო კონტროლის ფარგლებში მოქმედებები. ჩავსვით ავტომანქანაში. ზვიად რატიანს სათვალე უვარდებოდა დაკავების მომენტში. კადრშიც ჩანს, რომ ჩვენი თანამშრომელი ხელში იღებს სათვალეს. დამშვიდდით მოქალაქე, სათვალე არ გაგიტყდეთო, ეუბნება და აწვდის. გადავიყვანეთ ადმინისტრაციულ შენობაში. დავსვით მოსაცდელ სკამზე, რომელიც კონტროლდება სამეთვალყურეო კამერით. არ ჩერდებოდა, სანამ ოქმს ვავსებდით. დაკავების პროცესში ჩემს თანამშრომელს ზვიად რატიანმა უკბინა. ის იქნევდა თავს, ცდილობდა ფეხის დარტყმას”-აღნიშნა პოლიციის თანამშრომელმა.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, საღამოს საათებში, თამარ მეფის გამზირზე, ბანკომატთან მდგარს პოლიციის რვაკაციანი ჯგუფი მიუახლოვდა, რომელთაც ფორმები არ ეცვათ. მათ ჰკითხეს, რატომ ეცვა ნარინჯისფერი ქურთუკი, რაზეც პოეტმა უპასუხა, რომ ეს მისი არჩევანი იყო. შემდეგ, როგორც პოეტი ყვება, პოლიციამ ის სცემა, ავტომობილში ჩააგდო და გზაში კიდევ სცემეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები