ანი მიროტაძე: ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

პოლიტიკოსმა შეჯამება საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრით დაიწყო. მიროტაძე თვლის, რომ აღნიშნული ცვლილებებით კმაყოფილი მხოლოდ მმართველი გუნდი იყო.
„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომლითაც ხელისუფლება ვერ დაიკვეხნის, რადგან ძალიან დაჩქარებული წესით მიიღო, რომელთან დაკავშირებითაც არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, არ იყო დადებითი შეფასებები, მხოლოდ მმართველი გუნდი აღფრთოვანდა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ დღეს, პარლამენტში კვლავ მიმდინარეობს ახალი ინიციატივების განხილვა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ეს მოსალოდნელიც კი იყო. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოცდილება ეყოფათ იმისთვის, რომ მომავალში ქვეყნის მთავარ კანონთან დაკავშირებით, ასეთი ძალადობრივი ქმედებები და აქტები არ ჩაატარონ. იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არის დროებითი, კონსტიტუციები, ხალხის ნება და ზოგადად, ქვეყნის არჩევანი, არის უფრო ძლიერი ღირებულება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამეტებს ხოლმე ხელისუფლების ნებას“,- განაცხადა ანი მიროტაძემ.

დეპუტატმა, წლის მნიშვნელოვან მოვლენად 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა თვითმმართველობის არჩევნები იყო, რომელიც დიდი უპირატესობით დაასრულა „ქართულმა“ ოცნებამ. თუმცა, მე არ ვთვლი, რომ „ქართული ოცნების“ ობიექტური დამსახურება იყო ის შედეგები, რომელიც მიმდინარე წლის არჩვენებზე აისახა. მე მაინც მგონია, რომ ის იყო „ლევი ინსტრუმენტის“ გამოყენება, რომელსაც ხელისუფლებები ფლობენ ხოლმე და შედეგად, დაიდო ის შედეგი, რაც დაიდო. მე იმედს ვიტოვებ, რომ უფრო გამჭვირვალე, უფრო დემოკრატიული, უფრო თანაბარი არჩევნები ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში, სხვა შემთხვევაში იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის ინდექსთან დაკავშირებით კითხვები რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ კულუარებში გაჩნდა. ჩვენ ვიცით როგორი გამოცდილებაც არსებობს ამ მხრივ, ხშირ შემთხვევაში მერე იწყებენ ხოლმე ძალიან აქტიურად კითხვების დასმას, ჩვენი პარტნიორი და დასავლელი კოლეგები, რაც რა თქმა უნდა, არ არის კარგი“,- აღნიშნა ანი მიროტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარსაც გამოეხმაურა. მიროტაძე იმედოვნებს, რომ ქართველი კანონმდებლები იმ რეგულაციებს გაამკაცრებენ, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დაცვას გულისხმობს.
„აჭარაში მომხდარ ხანძარს 11 ადამიანი შეეწირა. ეს იყო ძალიან მძიმე და დამაფიქრებელი შემთხვევა. უსაფრთხოების ნორმები უნდა გაძლიერდეს. ქობულეთში სამი ბავშვის გაგუდვის შემდეგ, მახსოვს დეპუტატები ვამბობდით, რომ შესაბამის რეგულაციებს დავაწესებდით, გავამკაცრებდით და მსგავსი ტიპის საშიშროებებს ავიცილებდით თავიდან, სამწუხაროდ, ეს ვერ გავაკეთეთ, რაც ცხადია, ძალიან ცუდია. იმედი მაქვს, რომ ახლანდელი პარლამენტის კანონმდებლები მიიღებენ იმ რეგულაციებს, რომელიც იძულებულს გახდის და დაავალდებულებს ასეთი ტიპის დაწესებულებებს, სასტუმროებსა თუ სხვა ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, სადაც დაცული იქნება უსაფრთხოების წესები“,- აღნიშნა ანი მიროტაძემ.
პოლიტიკოსი, 1-ელ დეკემბერს ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასაც შეეხო, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ძალიან მძიმე წელი იყო. ჩვენ თბილისში ვნახეთ სადისტური მკვლელობა პატარა ბავშვების, თანატოლების მიერ. ერთი ტრაგედია არის ის, რომ ეს დაემართათ 16-17 წლის ბიჭებს და მეორე ტრაგედია არის ის, რომ მკვლელები იყვენ მათი თანატოლები. ეს ფართო მასშტაბში რომ განვიხილოთ, ორივე არის მსხვერპლი იმ უბედურების, რომელი უბედურებაც დატრიალდა. ეს არ არის მხოლოდ კონფლიქტში ჩართული ადამიანების პრობლემა, ვფიქრობ პრობლემა უფრო ღრმაა. ვფიქრობ, უსწრაფესად არის დასაწყები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა. მე არ ვიცი კონკრეტულად როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს ახალი მინისტრი, მაგრამ ვფიქრობ, მას ექნება საზოგადოების სრული მხარდაჭერა, თამამი ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები