რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ თბილისში

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და თბილისი ნამდვილ საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. “დედაენის ბაღში” საახალწლო ქალაქი გაიხსნა და ვიზიტორებს დილის 10:00 საათიდან, ღამის 12 საათამდე, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით მასპინძლობს. კინოს მოყვარულთათვის ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი. ყოველდღე 12:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე სხვა ღონისძიებებთან ერთად სპეციალურად პატარებისთვის, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. გარდა ამისა, დაგეგმილია საახალწლო სპორტული აქტივობები, იფუნქციონირებს სახელოსნოები და დაინტერესებული პირებისთვის მოეწყობა ვორქშოფები.

“დედაენის ბაღში” ყოველდღიურად ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტები გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას რობი კუხიანიძე და ჯგუფი „Outsider, ბასტი ბუბუ, პარა ორკესტრი და დათუნა ალადაშვილი, „ბლექ მაროუზი” და ჯგუფი „რეზო და ბავშვები” მიიღებენ. 21:00 საათიდან 12:00 საათამდე დრო კი, ალტერნატიული მუსიკისა და დიჯეების კონცერტებს დაეთმობა.

საახალწლო ღონისძიებების მოწყობაში ჩართულები არიან გამგეობები.  ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მეტროსადგურ ​”ისანთან” მდებარე სკვერში საახალწლო ღონისძიება დღეს 15:00 საათზე დაიწყო. მოეწყო სხვადასხვა წარმოდგენები: ილუზიონისტების შოუ; ანიმატორები(ზღაპრის გმირები); სახეზე მოხატვა; თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრები დაურიგა და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა: სალომე ბაკურაძემ; თიკა ჯამბურიამ; ანდრია გველესიანმა; მარიამ კახელაშვილმა და მაგდა ვასაძემ; ღონისძიება ფერების შოუთი დასრულდა.

ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 28 დეკემბერს, 13:00 საათიდან, ვაკის პარკში ბავშვებისა და უფროსებისთვის საახალწლო ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ზეიმი საბავშვო კონცერტით დაიწყება. პატარებს ასევე, ელოდება სხვადასხვა წარმოდგენები: ილუზიონისტის, ადამიანი-კაუჩუკის, გოლიათის შოუ, თოჯინების თეატრი – სპექტაკლი „მაშა და დათვი“, მინი სპექტაკლი – „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“. სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, ფიფქია, მიმები და კოსტიუმირებული ანიმატორები. საღამოს მუსიკალურად ასევე, დრამერების წარმოდგენა გააფორმებს. საახალწლო ღონისძიება 18:00 საათზე, ესტრადის ვარსკვლავების და ანსამბლების კონცერტით გაგრძელდება.

ვაკის პარკში მისული სტუმრებისთვის ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, „ქართული ხმები“ და ხალხური ანსამბლი “შავნაბადა” იმღერებენ. საახალწლო საღამოს ქართული ბენდი „რეზო და ბავშვები“ გააგრძელებს. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.

სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით, მოსკოვის გამზირზე ვარძიის სკვერში, 30 დეკემბერს, 18:00-დან 21:00 საათამდე დიდი როკსტარობა გაიმართება. ამ დღეს ახალი წლის განწყობის შესაქმნელად იზრუნებს ჯგუფი “არა” და ჯგუფი “მიქსტურა”. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

31 დეკემბერს, 23:00 საათზე, საახალწლო გალა კონცერტები ვარკეთილში, მედიათეკის მიმდებარე სკვერში ჯავახეთის ქუჩაზე, გლდანში “სითი მოლი გლდანის” ავტოსადგომზე და ძველ თბილისში, ევროპის მოედანზე გაიმართება. გალა-კონცერტი, რომლის რეჟისორებიც დავით დოიაშვილი და ბასა ფოცხიშვილი არიან სამ სცენას მოიცავს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძე, მხატვარი კი თამარ ფოცხიშვილია. “ახალ ტფილისში” უკვე მოეწყო საახალწლო ბაზრობა, რომელიც 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მთავარი ნაძვის ხე წელს ქართული მანებით, სპეციალურად დამზადებული სათამაშოებით მოირთო და 15 დეკემბერს აინთო.

​აღსანიშნავია, რომ 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან.

როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, დედაქალაქში 160 ერთეულამდე ავტობუსი ძირითადად, 30 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს მეტროსადგურებამდე, სადღესასწაულო ღონისძიებების ადგილებამდე და ცენტრალურ უბნებამდე გადაიყვანენ.

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისა და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“), პიკის საათებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება. კერძოდ, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს პირველ ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება. მატარებლები სამწუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ.

გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“ შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგით და ინტერვალით იმუშავებს.

 

წყარო:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები