“სამართალდამცველები მაქსიმალურს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ დაცულნი ტერორიზმისგან”

“სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი ყოველგვარი ამ პრობლემისგან”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, ოპერაცია იყო წარმატებული, რაც შედეგზეა ასახული.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებისთვის დანარჩენი სამართალდამცავ ორგანოთა შესაბამისი ანგარიშებიდან იქნება ცნობილი.
„ზოგადად ანტიტერორისტული თემა მსოფლიოში საკმაოდ აწეულია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის თანამედროვე მსოფლიოს პრობლემა და გამოწვევა და ამ გამოწვევის წინააღმდეგ, ჩვენზე ძლიერი, ბევრი ქვეყანა იბრძვის, რომელთა კოალიციაში საქართველოც იმყოფება, ანტიტერორისტული კუთხით. ამიტომ ვერ გეტყვით იმას, რომ ზოგადად სამყარო დაცულია ამ საფრთხისგან. არ არის დაცული, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი ყოველგვარი ამ პრობლემისგან. თუკი არსებობს რაიმე სახის პრობლემა, ხდება შესაბამისი რეაგირება, შესაბამისი სპეცოპერაცია. ეს არის მთავარი, რომ სამართალდამცავთა რეაქცია იყოს მყისიერი, იყოს გათვლილი და კარგად ორგანიზებული, იყოს ნაკლები მსხვერპლით და მიზანი იქნას მიღწეული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ვინაობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები