სოფო კილაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, სოფო კილაძე ამომრჩევლების წინაშე ერთი წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.

კილაძის ინფორმაციით, წლის განმავლობაში: მაჟორიტარის ბიუროს განცხადებით, 2800-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა, აქედან 1800-მდე – დაკმაყოფილდა; ჩატარდა ათობით საგანმანათლებლო აქტივობა; გაიმართა 8 საქველმოქმედო ღონისძიება; გაიხსნა 1 სოციალური საწარმო – სამკერვალო, სადაც დასაქმდა 10 სოციალურად დაუცველი და დევნილი ქალი.

„ჩემთვის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთ-ერთი წევრისთვის, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ქალთა ეკნომიკურ გაძლიერებას. აღნიშნულ პროექტში მეორე მნიშვნელოვანი საკითხია დევნილთა დასაქმება, ასევე, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა. ეს არის საწარმო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე იმუშავებს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, საქველმოქმედო ღონისძიებების ციკლის „ბავშვები ბავშვებისთვის” ფარგლებში, მოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა – 450 ლარი გადაეცა მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა კვირეულში გაიმართა შეხვედრები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ჩატარდა ტრენინგები სკოლებში.

სტუდენტებისათვის გაიმართა „სოციალური იდეების კონკურსი” – „გახადე შენი ქალაქი უკეთესი”.

სოფო კილაძის ინიციატივით, შემუშავდა სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებული სრულიად ახალი კანონპროექტი. მისი ინიციტივაა, ასევე, ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავება. სოფო კილაძე იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავების პროცესში.

პრეზენტაციის შემდეგ, ნაძალადევის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების, ბავშვთა ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების წევრები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები