თამარ ჩუგოშვილი, სოფიო ქაცარავა და ირინე ფრუიძე ლიტვის საგარეო საქმეთა დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილსა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს შორის გაიმართა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები და საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის იმ ძირითად შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც ამ ეტაპისთვის ქვეყანას მიღებული აქვს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების, უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, საქართველომ და ევროკავშირმა აქტიურად ითანამშრომლონ და ამასთანავე, განისაზღვროს, თუ რა ფორმით შეიძლება შუალედურ პერიოდში ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების და რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
„ლიტვა არის ჩვენი კარგი პარტნიორი. ძალიან აქტიურად გვეხმარება როგორც პოლიტიკურად, ასევე იმ შედეგების მიღწევაში, რასაც ამ თანამშრომლობის შედეგად მივიღებთ. ლიტვის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ საქართველოს, ლიტვის მხრიდან, მხარდაჭერა ექნება ყველა მიმართულებით”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მხარეებმა საპარლამენტო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული კავშირები და თანამშრომლობა საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერია.
„ვისაუბრეთ საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებაც. ჩვენ ამ კუთხით საკმაოდ კარგად ვმუშაობთ, მაგრამ ეს შეხვედრა კიდევ ერთ შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს კონტაქტები”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.