სოფო კილაძემ სოციალური მუშაობის რეფორმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დღევანდელ ბრიფინგზე სოციალური მუშაკის რეფორმა დააანონსა. როგორც მან განაცხადა, 2017 წლიდან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich-Ebert-Stiftung) სამხრეთ კავკასიის ოფისისა და ა(ა)იპ „დემოკრატიის განვითარების სააგენტოს” მხარდაჭერით, სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმაზე მუშაობა დაიწყო.
სოფო კილაძემ სოციალური მუშაკის მნიშვნელობაზე და პროექტის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტში დეტალურადაა გაწერილი სოციალური მუშაკის საქმიანობის პრინციპები და ღონისძიებები. აღნიშნული რეფორმით იქმნება პროფესიული მუშაკის კვალიფიკაციის ჩარჩო, ისევე როგორც მის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კარიერული წინსვლის რეგულაციები. თითოეულ სოციალურ მუშაკს ექნება თავისი სპეციალიზაცია, ხოლო სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული კომპეტენციების ნაწილი გადაეცემა ადგილობრივ თვითმმართველობებს. პროექტის მიხედვით, ასევე, ,გაძლიერებულია სოციალური მუშაკის დაცვის გარანტიები.
„რეფორმა თავისი მნიშვნელობით იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან სწორედ სოციალური მუშაკი არის სახელმწიფოს ის წარმომადგენელი, რომელიც მიდის თითოეულ იმ ინდივიდთან, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს და საზოგადოების მხარდაჭერა”, – განაცხადა სოფო კილაძემ
როგორც საქართველოში ფრიდრიხ ჰებერტის ფონდის წარმომადგენელმა, ფელიქს ჰეტმა აღნიშნა, სოციალურად დაუცველ ფენებთან და ჯგუფებთან მუშაობა მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ადამიანის უფლებებთან ფუნდამენტურად და განუყოფლადაა დაკავშირებული. მისივე მოსაზრებით, ასევე, მნიშვნელოვანია ინვესტიციების ჩადება სოციალურ მუშაობაში.
„მოხარული ვართ, რომ კანონპროექტი შემუშავდა. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ზოგადად, ქვეყანაში არსებული სოციალური სიტუაციის წინსვლისა და განვითარებისკენ”, – განაცხადა ფელიქს ჰეტმა.