თავდაცვის მინისტრმა აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე​ს უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე იმყოფება. პოლკოვნიკ ჯონ ქაროლს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეით ძალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმრებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა მოსამზადებელ ეტაპზე აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლობასთან თანამშრომლობა მხოლოდ საერთაშორისო მისიებს არ მოიცავს. სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენდა, რომელსაც საქართველო სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად ახორციელებს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები