ირაკლი კობახიძე: კორუფციისა და კარტელური გარიგებების სისტემური პრობლემა საქართველოში აღმოფხვრილია

„სისტემური პრობლემები საქართველოში აღმოფხვრილია. რაც შეეხება ინდივიდუალურ მოვლენებს – რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით დაგვჭირდება მუდმივი დაკვირვება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კარტელური გარიგებების შესახებ მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, მსგავსი მოვლენების პრევენციაზე ზრუნვა, პირველ რიგში, პარლამენტის ინტერესებშია.

„რაც შეეხება კორუფციას, კარტელურ გარიგებებს, სისტემური პრობლემები არის აღმოფხვრილი საქართველოში. რაც შეეხება ინდივიდუალურ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება მუდმივი დაკვირვება. ჩვენს ინტერესებშია, პირველ რიგში, პარლამენტის ინტერესებში, რომ ჩვენ განვახორციელოთ საკუთარი საზედამხედველო ფუნქციები და ამის საფუძველზე ვიზრუნოთ ასეთი მოვლენების პრევენციისთვის. კიდევ ერთხელ, მე დარწმუნებული ვარ, რომ სისტემური ხასიათით ეს პრობლემა აღარ დგას, რაც შეეხება ინდივიდუალურ შემთხვევებს, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პრევენციისთვის”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით სათანადო კომენტარები უკვე გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ ვხედავთ გარკვეულ, ასე ვთქვათ, დაპირისპირებას, თუმცა პრემიერმა გააკეთა სათანადო კომენტარები. პრემიერი გააკეთებს მომავალშიც კომენტარებს ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის კომენტარებთან. ეს არის, რა თქმა უნდა, პრემიერის პრეროგატივა და მისი საქმე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები