ეკა ბესელია: თუ ვინმეს შეიძლება აინტერესებდეს მიხეილ სააკაშვილი, იგი მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის არის საინტერესო

„შეთქმულებებს და კონსპირაციის თეორიებს სერიოზულად არ განვიხილავ, ამით შეიძლება იყოს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობა“, – ასე უპასუხა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კითხვას, თუ რა მიზნით იმყოფება სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ბელორუსში და ხომ არ იგეგმება იქ უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრა სააკაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გომელაურის ვიზიტი სულ სხვა დანიშნულებისაა.
„შეთქმულებებს და კონსპირაციის თეორიებს სერიოზულად არ განვიხილავ, ამით შეიძლება იყოს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობა“. ბატონი გომელაურის ვიზიტი არის სრულიად სხვა შინაარსის. თუ ვინმეს შეიძლება აინტერესებდეს მიხეილ სააკაშვილი, იგი მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის არის საინტერესო. მართლმსაჯულებას აქვს თავისი დღის წესრიგი და ის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ არის. ვერც სასამართლოები გადაიდება, ვერც პროცესი გაჩერდება და ვერც მართლმსაჯულების განხორციელებაზე იტყვის უარს ვერც ერთი სახელმწიფო”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, ბესელიამ საკითხზე შემდეგნაირად უპასუხა:
„მიხეილ სააკაშვილის შეფასებაში ნამდვილად არ მჭირდება პუტინის გამონათქვამების დახმარება და მისი კომენტარების მოშველიება, იმდენად ბევრი არგუმენტი გვაქვს ვისაუბროთ სააკაშვილზე, როგორც ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი ზიანის მომტან ყოფილ პრეზიდენტზე, რომ პუტინი რა კომენტარს გააკეთებს მასზე, ჩემთვის არ არის საინტერესო“, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები