ვიქტორ დოლიძე: საქართველო არის ამაყი ქვეყანა იმით, რაც შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში

„საქართველო არის ამაყი ქვეყანა იმით, რაც შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივი კონფერენციაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დოლიძემ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტი იყო მართლაც რომ, პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ გვინდოდა და, რა თქმა უნდა, დღესაც, ხვალ რომ გავიღვიძებ, მინდა ვიყო ევროკავშირის წევრი, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ მოხდება ერთ დღე-ღამეში, მაგრამ მოხდება ძალიან დიდი შრომის ფასად“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ბრიუსელიდან სარგებლის მიღების კონტექსტში ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს „არ სჭირდება არავის ქველმოქმედება“.
„არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე – ფული, ენერგია, შრომა, გავითარება, ინტელექტუალური პოტენციალი, დამიჯერეთ, ძალიან დიდად არის საქართველოს მთავრობიდან, ჩვენი სახელმწიფოდან გასავალი. როდესაც გვეკითხებიან ხოლმე, რა ვართ ქართველები, ჩვენ არ ვართ მარტო კარგი ღვინო, მარტო კარგი სამზარეული, მარტო ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ა.შ. ჩვენ ვართ ინტელექტუალური პოტენციალი, ჩვენ ვართ თავდაცვა და უსაფრთხოება, ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც საკუთარი პოტენციალი, საკუთარი კონტრიბუცია და წვლილი შეგვაქვს საერთო ევროპულ ღირებულებებში. საქართველო არის ამაყი ქვეყანა იმით, რაც შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა ევროკავშირთან, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტებს, არამედ შიდა პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის ის, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ნებისმიერი გამოკითხვები გვიჩვენებს სურათს, რომ ჩვენ დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული თავდაცვით და უსაფრთხოებით, კულტურით თუ ჰუმანიტარული ურთიერთობებით, ვართ ქვეყანა, რომელსაც შეგვიძლია ვიყოთ ამაყნი და გავუზიაროთ იგივე მონაპოვარი მეგობარ ქვეყნებს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა მოლდოვასთან და უკრაიანასთან განსაკუთრებული ურთიერთობების მნიშვნელობას.
„ჩვენ სამიტამდე დავიწყეთ ურთიერთობები მათთან იმიტომ, რომ ერთ ნავში უნდა ვიყოთ, ერთად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეს იქნება საჭირო ბერკეტი იმისათვის, რომ ინტეგრაცია მოხდეს რაც შეიძლება დროულად და უფრო მცირე ხანში“, – დასძინა დოლძემ.
სახელმწიფო მინისტრმა სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებაც ისაუბრა.
„ბატონმა ლევანმა [იზორიამ] ძალიან რთული ნაბიჯები გადადგა 1 წლის წინ, როდესაც 2 000-ზე მეტი ადამიანი იქნა გათავისუფლებული თავდაცვის სამინისტროდან. ჩვენ ხანდახან გვიწევს არაპოპულარული, მაგრამ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ეს არის ნაბიჯი, რომელიც გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში მოგვიტანს ძალიან ბევრ სიკეთეს. დღეს ბევრს ვმსჯელობთ, უნდა იყოს თუ არა შერწყმა სამინისტროების – რა თქმა უნდა, უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ, ვიყოთ შეიძლება მცირერიცხოვანი, მაგრამ ეფექტური მთავრობა“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ და დასძინა, რომ ვიცე-პრემიერის პორტფელის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება როგორც საგარეო, ასევე საშინაო კომუნიკაცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები