მამუკა ბახტაძე: ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც 2017 წელს საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ეხება.
„თუ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძის თქმით, “საქართველოს ბიზნესასოციაციასთან” შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სტატისტიკას, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა.
“მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.6%-ით ზრდა გვაჩვენა. მეტსაც გეტყვით, თუ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები, რაც გაფორმდა საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ევოკავშირთან, ასევე ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მომავალი წელი კიდეც უფრო კარგი იქნება ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
2017 წლის 9 თვეში, საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, ჯამურად 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9 %-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები