48-საათიანი ჰაკათონი ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის დასრულდა

48-საათიანი ჰაკათონი Garage48 “Gemification&Entertainment” დასრულდა, სადაც პროგრამისტებმა, დიზაინერებმა, მარკეტერებმა, მეწარმეებმა და პროექტ-მენეჯერებმა კრეატიული იდეები განავითარეს და სამუშაო პროტოტიპები შექმნეს. ჰაკათონში მონაწილეობა 100-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად ინტენსიურად იმუშავეს.
უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა: I ადგილი – Georgian Hero – აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები შეძლებენ დროებითი სამსახურების მოძიებას.
II ადგილი – Clap –  პროგრამა, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს მუსიკალურ ღონისძიებებს, გაამარტივებს ბილეთების შეძენას და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
აუდიტორიის რჩეული გახდა Proffesion Detector – ვებ-გვერდი, რომელიც  ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევას უადვილებს. ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდის სტატუსი მოიპოვა აპლიკაციამ Ladybug, რომელიც ადამიანებს ეხმარება დაკარგული ნივთების მოძიებაში. ყველაზე დიდი გლობალური პოტენციალის მქონე იდეა კი Challen.ge გახდა – ვებ-გვერდი, რომელიც ადამიანებს  სხვადასხვა სირთულის გადალახვაში ეხმარება. ასევე, გამოვლინდნენ ყველაზე გიჟური იდეის ავტორი პროექტი  – Maika, ხოლო საუკეთესო პრეზენტაციისთვის გუნდი Elysium დაჯილდოვდა.
პირველი ადგილის მფლობელებს  თიბისი ბანკისგან ფულადი ჯილდო  2000 ლარის ოდენობით გადაეცათ, ხოლო მეორე ადგილს, _ ერთთვიანი წევრობა Impact Hub Tbilisi-ში.
ჰაკათონის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.
Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი.
Garage48-ის ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi და თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები