ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა დავით ასათიანმა დააგროვა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა. შედეგების თანახმად, ყველაზე მეტი – 1128 ხმა დავით ასათიანმა მიიღო.

ასათიანი საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში ასოციაციას შემდეგი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საბოლოო შედეგები შესაძლოა დილამდე არ გამოცხადდეს, ვინაიდან უნდა გაიხსნას სხვა ყუთებიც, სადაც აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრის, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრის ასარჩევი ბიულეტენებია.

კომისიაში ვარაუდობენ, რომ თავმჯდომარის არჩევისთვის განკუთვნილი ბიულეტენები შესაძლოა იქაც აღმოჩნდეს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილი ხმებით უპირატესობა დავით ასათიანის სასარგებლოდ გამოიკვეთა. თუმცა ეს საბოლოო შედეგები არ არის, რადგან პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის შეიზლება მეორე ტური გაიმართოს.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: ებრალიძე დავითი – 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი – 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი – 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო.

ადვოკატთა ასოციაციას 8 წლის განმავლობაში ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები