ადვოკატების თავმჯდომარის არჩევნებზე საარჩევნო კომისიის წევრს კომისია დაატოვებინეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე საარჩევნო კომისიის წევრს, დიანა მარტიაშვილს კომისია დაატოვებინეს. მას ერთ-ერთი კანდიდატის, დავით ასათიანის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაში დასდეს ბრალი. ამ ფაქტის შემდეგ ასათიანს კომისიაში წარმომადგენელი არ დარჩა.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ზაზა ხატიაშვილმა ბიულეტენები ყველა კანდიდატის თანდასწრებით დალუქა.
სპორტის სასახლეში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება მიმდინარეობს, სადაც 4 წლის ვადით ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრს, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის 5 წევრს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით აირჩევენ.
ხმის მიცემის პროცესი 3 საათზე დაიწყო. შედეგებს კი ღამის 10 საათისთვის გამოაცხადებენ.
თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის არიან: ირმა ჭკადუა, დავით ლანჩავა, დავით ებრალიძე, დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე 8 წლის განმავლობაში ზაზა ხატიაშვილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები