საახალწლო განწყობა ​​თბილისის ყველა უბანში უნდა იგრძნობოდეს – ვახტანგ შაქარიშვილი

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დასასრულს უახლოვდება. 10-დან 15 დეკემბრამდე ისინი ეტაპობრივად ჩაირთვება. საახალწლო ილუმინაციების შესაძენად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან წელს, 3 მლნ ლარი დაიხარჯა. თბილისის მთავრობას ოპონენტები არაგონივრული ხარჯის გამო საყვედურობენ, ქალაქის გარეუბნების მოსახლეობას კი სურს, საახალწლო განწყობა მათ უბნებშიც იგრძნობოდეს. რამდენად გონივრული ხარჯია თბილისის ბიუჯეტისთვის საახალწლო გაფორმებების შესაძენად გაღებული თანხა და უნდა ეთმობოდეს თუ არა ქალაქის სადღესასწაულოდ მორთვას განსაკუთრებული ყურადღება, ამის შესახებ “სითი კვირას” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი ესაუბრა.
– პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქალაქი და მისი მცხოვრებლები იმსახურებენ იმას, რომ ქალაქის ქუჩებში საახალწლო განწყობა იგრძნობოდეს. დღესასწაულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ქალაქ-გაფორმება. ეს კეთდება, როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. საახალწლო​ ქალაქ-გაფორმება ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად თემით სპეკულირება, რომ ეს გაუაზრებელი ხარჯია, გადამეტებული და საღ აზრს მოკლებულია. ნებისმიერი ქალაქის მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საახალწლოდ საკუთარი ქალაქი ლამაზად მორთოს. ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი შესყიდვები გაცილებით ეკონომიურია. თბილისის მთავრობამ საახალწლო განათებები ჯერ კიდევ აგვისტოში შეიძინა. ეს არის, მაღალი ხარისხის, გარანტიის მქონე საახალწლო ილუმინაციები, რომელთა საექსპლუატაციო ხარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დაბალფასიანისა და უხარისხოსი, რომელთა შეძენაც ყოველწლიურად ხელმეორედ ხდებოდა საჭირო. ასევე, ძვირი ჯდებოდა მისი რემონტი. საახალწლო ილუმინაციებზე წლევანდელი დანახარჯი საშუალო და გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი. ეს ფული არ არის მხოლოდ ერთჯერადად გაღებული თანხა და მომავალ წელს, განათებების ხელმეორედ შესყიდვა არ დაგვჭირდება.
– გარეუბნების მოსახლეობა ხშირად გამოთქვამს პრეტენზიას, რომ საახალწლო განწყობა მათ უბნებში ნაკლებად იგრძნობა. ამ მიმართულებით თუ იგეგმება სიახლეები?
– წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრისას, მათი მხრიდან ხშირად მოდიოდა გზავნილი, რომ სახელმწიფო, თუ კერძო სერვისები თანაბრად უნდა გადანაწილდეს ქალაქის ცენტრალურ და გარეუბნებზე. გარეუბნის მოსახლეობა არ უნდა გრძნობდეს თავს გარიყულად და იქაც უნდა იგრძნობოდეს საახალწლო განწყობა, მათაც უნდა ჰქონდეთ საშუალება ნახონ ლამაზი ქალაქგაფორმება. ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა მიზნობრივად, სწორად და ეფექტიანად დავხარჯავთ თანხებს და გავზრდით კიდეც დანახარჯს, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ერთ-ერთი სანიმუშო იყოს ევროპულ დედაქალაქებს შორის, თუნდაც თავისი საახალწლო მორთულობით. როგორც აღვნიშნე, ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია ქალაქ-გაფორმება, ამაში ევროპული ქალაქები ერთმანეთსაც კი ეჯიბრებიან. ჩვენ სწორად, გემოვნებით და ეფექტიანად განვახორციელებთ ამ სამუშაოებს, ისე, რომ ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს ჰქონდეთ ამაღლებული განწყობა. რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან სახსრები უნდა იხარჯებოდეს მიზნობრივად და ეკონომიურად.
– რატომ არის ახალი შეძენილი ილუმინაციები უკეთესი და რა განსაზღვრავს მათ ეკონომიურობას?
– პროდუქციის ხარისხს ბევრი რამ განაპირობებს, მათ შორის მწარმოებელი და საგარანტიო ვადა. წელს შეძენილი ილუმინაციები ევროპული ხარისხისაა. აქვს ექსპლუატაციის მეტი ვადა, გაცილებით მეტი სამუშაო საათები, ვიდრე დაბალფასიან და დაბალხარისხიან სანათებს, რომელთა რემონტისთვის ყოველწიურად გვიწევდა დამატებითი ხარჯის გაღება. მათი დიდი ნაწილი ერთჯერადი მოხმარების იყო. ხშირ შემთხვევაში ყიდულობდნენ ჩინური წარმოების განათებებს. მაგრამ მხოლოდ მწარმოებელიც არ არის მთავარი. ჩინურ საწარმოს შეიძლება ჰქონდეს ერთ დოლარიანი პროდუქიაც და 10 დოლარიანიც.
მარტო ელექტროე oნერგიის ეკონომიურ მოხმარებაზე არ არის საუბარი. ეს მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტ გარეუბანში შევიდეთ და გარეუბნების მოსახლეობას გავულამაზოთ გარემო, ეზოები სკვერები და ქუჩები. საახალწლო განწყობა და სახელმწიფო სიკეთეები, რასაც ჩვენ ვქმნით, უნდა მივიდეს ყველა უბანში და არ უნდა მოიყაროს თავი მხოლოდ დედაქალაქის ცენტრში. სწორია, როდესაც ბიუჯეტს ისე დაგეგმავ, რომ შესაძლებელია ერთჯერადად გარკვეული მრგვალი თანხა გადაიხადო, გრძელვადიან პერიოდზე კი მეტი თანხა დაზოგო, ვიდრე იყიდო ერთჯერად და იაფფასიანი. მოვისმინე ჩემი კოლეგების განცხადებები, მესმის მათი განწყობა და სურვილები. ისინი ნებაზე რომ მოვუშვათ, ალბათ, დამწვარი საბურავებით გაანათებენ თბილისს.
– ახალი განათებების შეძენა 3 მლნ ლარი დაუჯდა თბილისის ბიუჯეტს…
​- ეს ის ხარჯია, რომელის გაღებაც ქალაქმა უნდა შეძლოს, რათა საკუთარ მოსახლეობას ღირსეული საახალწლო გაფორმება გაუკეთოს. ეს ელემენტარულია. ეს თანხა დაიხარჯა 2017 წლის ბიუჯეტიდან. გამომდინარე იქიდან, რომ შესყიდვა, ჩამოტანა, მონტაჟი, გარკვეულ პერიოდს საჭიროებს, შესაბამისი თანხები აისახა შარშანდელ ბიუჯეტში. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი სხვანაირად დავგეგმოთ. ხვალ და ზეგ არ მოგვიწევს იგივე ხარჯის გაღება.
– მსოფლიოს ბევრ ქალაქში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სადღესასწაულო განათებებს, ქალაქის მოსახლეობაც ზრუნავს საკუთარი სახლების საახალწლოდ მორთვაზე. ჩვენთანაც თუ დაინერგება მსგავსი ტრადიცია?
– არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ, მაგრამ გეტყვით, რომ ვგეგმავთ, მომავალში ჩვენი მოსახლეობა აქტიურად ჩავრთოთ ქალაქ-გაფორმების პროცესში, იმიტომ რომ, მათაც იგრძნონ ამ პროცესში მონაწილეობა. როდესაც მოქალაქეს აქვს განცდა, რომ ის მონაწილეობს საკუთარი ქალაქის, უბნის და ეზოს კეთილმოწყობაში, გაფორმებაში, მოვლაში, მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება. ეს იმ მიდგომისა და პოლიტიკის ნაწილია, რომელიც წინასაარჩევნოდ გავაცანით მოსახლეობას. ჩვენ არ გვინდა, რომ ლამაზი ქუჩები დარჩეს მხოლოდ ქალაქის ცენტრში, იქნება ეს რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი თუ სხვა. საახალწლო განწყობასაც გარკვეული დანიშნულება აქვს. იმიტომ შეგვაქვს ჩვენს ოჯახებში საახალწლო ნაძვის ხე, რომ საახალწლოდ ამაღლებული განწყობა გვქონდეს. ახალი მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს პირობებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ ლამაზ ქუჩებში იაროს. დედაქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობისას უნდა იგრძნობოდეს გემოვნება და ესთეტიკა. მომხრე ვარ, როგორც საკრებულოს წევრი, რომ გაცილებით სწორად და ეფექტურად მეტი თანხა იყოს ამისთვის განთვალისწინებული ბიუჯეტში. იზრდება ჩვენი ქალაქი, ემატება დასახლებები და უბნები და ყველგან ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს საახალწლო განწყობა.
– ბავშვები ყოველთვის ითხოვენ ცენტრალურ ადგილებში გასეირნებას, რათ ნახონ ცენტრალური ნაძვის ხე. საახალწლო ღონისძიებებით უფრო მეტად ხომ არ უნდა დაიტვირთოს გარეუბნებიც?ფოტო: კახა მჭედლიძე
– ცალკეული რაიონების გამგეობები აქამდეც ახორციელებდნენ ცალკეულ საახალწლო ღონისძიებებს, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო გავზრდით მოქალაქეების ჩართულობას ამ პროცესში. ცენტრალური ღონისძიებები გამორჩეული უნდა იყოს, მაგრამ მოსახლეობას საკუთარ უბნებსა და სკვერებში უნდა ჰქონდეთ საშუალება მიიღონ ის სერვისები, რომლებიც იქნება ქალაქის ცენტრში, იქნება ეს ქალაქ-გაფორმება, კონცერტები, საახალწლო ღონისძიებები, ნაძვის ხის ზეიმი თუ სხვა. ამ ღონისძიებებში ყველა თაობის მოქალაქის მოთხოვნები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს ქალაქი ხომ ყველასია. ის სიკეთეები, რასაც სახელმწიფო ქმნის, სწორად უნდა გადავანაწილოთ ყველაზე, ვისაც ეს ქალაქი ეკუთვნის.
– ალბათ, არ იქნებოდა ურიგო, სხვა ქალაქების გამოცდილების გათვალისწინებით, თუნდაც მუნიციპალური ტრანსპორტის საახალწლოდ გაფორმება?
– ეს უკვე ცალკეული შემადგენელი ელემენტებია იმ ყველაფრის, რასაც საახალწლო ღონისძიებები ჰქვია. მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან პარტნიორობა, რომ ბიზნესმაც გამოიჩინოს გარკვეული ინიციატივები. როდესაც სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საახალწლო ღონისძიებები ღირსეულად და ლამაზად გაკეთდეს, ის მიზანიც შესრულდება, რაზეც გესაუბრებოდით. წლევანდელი პრეცედენტი ძალიან კარგ ტრადიციას ჩაუყრის საფუძველს.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი

წყარო: http://www.city.kvira.ge/2017/12/07/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები