ვახტანგ გომელაური ივანე გოლაშვილის დაკრძალვას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის, ივანე გოლაშვილის დაკრძალვას დაესწრო.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა. სუს-ის სპეცრაზმელი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად გაიღო.

2015 წლიდან მოქმედი კანონის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100 ათასი ლარით , ხოლო ყოველთვიურად – 1000 ლარით დაეხმარება.

ვახტანგ გომელაურმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს. ყველაზე დიდი დანაკლისი, რა თქმა უნდა, ოჯახისთვის არის, ქვეყნისთვის კი თითოეული ვაჟკაცი მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო დაჭრილ ბიჭებს – ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა სპეცოპერაციაში. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც 20 საათის განმავლობაში უწევდნენ დახმარებას სპეცრაზმელებს. ასევე, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს, რომლებმაც დიდი შრომა გაწიეს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები