მეუფე შიო: უფლისთვის მთავარია ჩვენს გულში ჩავიხედოთ, რომ არ იყოს გულცივობა, გულქვაობა

სამების საკათედრო ტაძარში მეუფე შიომ, საკვირაო წირვის შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ ქადაგებისას კეთილი სამარიტელის შესახებ იგავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუკუნო ცხონების დამკვიდრებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი სამარიტელისებური მოწყალების თვისებაა.

„განურჩევლად რელიგიისა, ეროვნებისა, ყველას მიმართ ჩვენ უნდა ვიყოთ მოყვასი. უფლისთვის მთავარია ჩვენს გულში ჩავიხედოთ, რომ არ იყოს გულცივობა, გულქვაობა, იყოს მოწყალება და სიყვარული, რამეთუ მოწყალებაა გზა ღვთისკენ. საუკუნო ცხოვრების ერთ-ერთი საწინდარია სამარიტელისებური თვისება მოწყალებისა. ჩვენ დღეს, ისე როგორც არასდროს, გვესაჭიროება ეს თვისება – მოწყალება”, – ბრძანა პატრიარქის მოსაყდრემ.

მეუფე შიო ბათუმში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასაც გამოეხმაურა. პატრიარქის მოსაყდრის თქმით, სასულიერო პირები ლოცულობენ დაღუპულთა სულების მოსახსენებლად. მეუფემ დაღუპულთა ოჯახებს მხნეობა უსურვა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რაც მოხდა გუშინწინ ბათუმში. ვლოცულობთ იმ ადამიანების სულების საცხონებლად, ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და ვუსურვებთ გაძლიერებას და ღვთის შეწევნას“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა – ილია მეორემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მოსაყდრედ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები