ლევან იზორიამ ბათუმში შემოსული ფრანგული სამხედრო ხომალდი დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)
ბათუმის პორტში საფრანგეთის სამხედრო ხომალდი „გეპრატი“ შემოვიდა. ფრანგულ ფრეგატაზე გამართულ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. გემის მეთაურმა, I რანგის კაპიტანტმა ჟაკ მალარმა თავდაცვის მინისტრს სამხედრო ხომალდი დაათვალიერებინა და მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააცნო.
ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტის ფარგლებში, ერთობლივი სახომალდე სწავლებები გაიმართება, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ასევე ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ელემენტებს მოიცავს.
ფრანგული სამხედრო ხომალდის სტუმრობა საქართველოში, საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითია. მსგავსი ვიზიტები საქართველოს მიმართ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების ინტერესს და მხარდაჭერას ადასტურებს. თანამშრომლობა საფრანგეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.
ხომალდი „გეპრატი“ ერთ-ერთია „ლა ფაიეტის“ კლასის იმ უმსხვილესი გემებიდან, რომელსაც საფრანგეთის ეროვნული საზღვაო ფლოტი ფლობს. გემი 1999 წლის 3 დეკემბერს შევიდა ექსპლუატაციაში და პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი გმირის, ვიცე-ადმირალის, ემილ გეპრატის პატივსაცემად, მისი სახელი ეწოდა. დღეს ხომალდის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სპეციალური თუ ჰუმანიტარული მისიის შესრულება და საზღვაო ვაჭრობის ხელშეწყობაა.