ლელა ქიტესაშვილი: 6 მოპარული ბიულეტენის მერი, თამაზ მეჭიაური ცრემლისფერ პიარზეა გადასული

6 მოპარული ბიულეტენის მერი – ამ სიტყვებით თიანეთის ყოფილმა გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, თიანეთის ახალარჩეული მერი თამაზ მეჭიაური მოიხსენია.

„მეორე კვირაა, მეჭიაური შეუდგა თიანეთის მერის პოზიციაზე საქმიანობას, მაგრამ როგორც ვუყურებ, ჯერ-ჯერობით ვერ გაურკვევია რისი გაკეთება შეიძლება და რა უნდა აკეთოს. ეს ორი კვირაა მხოლოდ მოთქვამს, რომ ბიუჯეტი ცარიელია. მოგეხსენებათ, რომ ნოემბერია და სავსე ბიუჯეტი რომ არ დახვდებოდა, მარტივი გასაგებია“, – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლელა ქიტესაშვილი მიიჩნევს, რომ ქალის შემდეგ, უარესად მართო რაიონი, მამაკაცისთვის სამარცხვინო იქნება. ქიტესაშვილი აცხადებს, რომ თიანეთის მოსახლეობა მას უკანსვლასა და რეგრესს არ აპატიებს.

„დადგა დრო თამაზ მეჭიაურმა გაიაზროს სად მოხვდა, რისთვის იბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ ის არის 6 მოპარული ბიულეტენის მერი, რომელსაც ვერასოდეს ვერ გაექცევა, ვერც ჩემი და ვერც ჩემი მხარდამჭერების მხრიდან. მას მოუწევს გააგრძელოს ის აღმშენებლობა, რაც თიანეთში მიმდინარეობდა. აანონსებს, რომ თითქოსდა დარღვევები, ქვეყნის დაქცევა და ბიუჯეტის ჭამა იყო, ამას შესაბამისი ორგანოები ყოველწლიურად იკვლევენ. შიდა აუდიტი სწორედ მაგიტომ შეიქმნა, რომ პრევენცია იყოს და დანაშაული სანამ მოხდება, მანამდე აღმოიფხვრას საშიშოებები, რაც ბუნებრივია, ახლავს იმას, რასაც მუნიციპალიტეტი ჰქვია და სახელმწიფო აუდიტიც თავისი გრაფიკის მიხედვით ამოწმებს ამ ყველაფერს. არ სჭირდება ამას თამაზ მეჭიაურის მუქარა და თითის ქნევა ტელე-ეკრანებიდან, მაგან ჯობია მიხედოს იმ საქმეს, რასაც შეუდგა და პასუხი გასცეს როგორც თავის, ისე ჩემს ამომრჩეველს. მას უკანსვლას და რეგრესს არავინ აპატიებს.

თამაზ მეჭიაურს 4 წელი მოუწევს შეჭირვებულ ადამიანებთან შეხვედრა, მათი გაჭირვების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. თიანეთის ბიუჯეტი ცოტაა, არათვითკმარია. რამდენჯერაც მას გაჭირვებული ადამიანი მიაკითხავს, იმდენჯერ ლელა ქიტესაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი და ცარიელი ბიუჯეტი იძახოს, მგონია, რომ ეს უკვე მის მომხრეებსაც გააღიზიანებს. ვფიქრობ, ეს არ არის ის პრობლემა, რაზეც მეჭიაურმა უნდა ისაუბროს, კომაროველი ფინანსისტია და მაგან ბიუჯეტის შესრულებაზე უნდა იზრუნოს. ის, რომ გამოვაცარიელე ბიუჯეტი და გავიქეცი, არის სიყალბე, ზუსტად ამ პრობლემებთან გასამკლავებლად ვიყავი მზად, როდესაც არჩევნებში მონაწილოება მივიღე. მეჭიაური აგრძელებს ტირილს, მან მანქანაც კი დაიწუნა, რომ თურმე ცუდი მანქანა დავახვედრე, მე თუ ვეტეოდი და ვაკეთებდი საქმეს იმ მანქანით?! თურმე სახლი არ აქვს და ამ დროს, ორი სახლი უდგას ჟებოტაში, რომელიც იმ შავ-ბნელ წლებში პატიოსანი შრომით არ შენდებოდა, როცა მაგან ააშენა და თურმე კომფორტი არაა აქვს. შავი, თეთრი პიარი გამიგია, მაგრამ მეჭიაური ცრემლისფერ პიარზეა გადასული, ტირილზე, წუწუნზე და მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან არასწორი. არ არის მერის პოზიცია, რომელმაც ჩათვალა რომ ტრიუმფით გაიმარჯვა არჩევნებში, რომ მას ძალიან სხვანაირად მართებს რაიონის მართვა, მითუმეტეს, ქალის შემდეგ უარესად მართო რაიონი, ვფიქრობ, სამარცხვინო იქნება მამაკაცისთვის“,- განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები