პროკურორი: დათა ახალაიამ ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა

 

დათა ახალაიამ ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა, – ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ბრალი მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა კითხვა, რომელიც პროკურორებმა მას დაუსვეს, ახალაიამ უპასუხოდ დატოვა.

“დათა ახალაიას მთელი ჩვენების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მას უარეყო პრეზიდენტის მიერ შეწყალების შეპირების მიცემა, მაგრამ ერთადერთი, რაც მთელი ამ დაკითხვიდან გახდა ნათელი, არის ის, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა იცრუა, როდესაც განაცხადა 2013 წელს, რომ დათა ახალაია მხოლოდ სამჯერ ყავს ნანახი. დღევანდელ პროცესზე კი, დათა ახალაიამ დაადასტურა, რომ მას სამჯერ კი არა, არაერთხელ ჰყავდა ნანახი მიხეილ სააკაშვილი, იმყოფებოდა როგორც შავნაბადას რეზიდენციაში, ისე სახელმწიფო კანცელარიაში. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, დათა ახალაიამ პროკურორის არცერთ კითხვაზე არ გასცა პასუხი და ამას ხსნიდა იმ მოტივით, თითქოსდა მისი პასუხები გამოყენებული იქნებოდა მისივე წინააღმდეგ. დათა ახალაიას ჩართვა დაცვის მხარის ბოლო შანსი იყო, დაემტკიცებინათ მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობა, რაც, ჩემი აზრით, არადამაჯერებელი იყო, ვინაიდან დათა ახალაია სწორედ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აღნიშნულ და არაერთ სხვა საქმეზეა ბრალდებული და მარტივი ლოგიკაა, როდესაც ორი ადამიანი ერთ საქმეზეა ბრალდებული, ერთმანეთის სასარგებლო ჩვენების მიცემა, მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნითაა განპირობებული”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

პროკურორის თქმით, დათა ახალაიას ჩვენების სანდოობა ბრალდებისთვის და საზოგადოებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ვინაიდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ორგანიზატორი, შემკვეთი და ბრძანების გამცემია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები