კახა კალაძე საკრებულოს დედაქალაქის მთავრობის დამტკიცებისთვის მადლობას უხდის

0

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და თბილისის რაიონების გამგებლების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დამტკიცების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქის ახალი მთავრობა მუშაობას ოფიციალურად ორშაბათიდან, 20 ნოემბრიდან შეუდგება.
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცებისთვის. ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ძალებით ოფიციალურად, ორშაბათს შევუდგებით მუშაობას და თითოეული თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი ჩვენი მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს უახლოეს მომავალში დაინახავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დედაქალაქის რაიონების გამგებლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი ეფექტური მუშაობა მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს უნდა წყვეტდეს.
„მინდა მივმართო თბილისის რაიონის გამგებლებს, თქვენ ხართ ის რგოლი, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან და მათ პრობლემებთან. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამგებლები და გამგეობები ეფექტურად მუშაობდნენ და წყვეტდნენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. თქვენი კოორდინირებული, გუნდური მუშაობა იმ კონცეფციის განხორციელების საფუძველია, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი გახდეს – მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ყველა რაიონი ერთად, გარეუბნები და ცენტრიც“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ ასევე, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსაც მიმართა და მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდა. „მივმართავ საქალაქო სამსახურების უფროსებს – თქვენი სამსახურების ეფექტური და რაც მთავარია, მობილური მუშაობის შედეგი იქნება თბილისის რაიონებში იმ დაპირებების შესრულება, რაც მოსახლეობას გავაცანით და რა მოლოდინიც საზოგადოებაში არსებობს. საზოგადოების განწყობა თქვენი საქმიანობის ყველაზე ზუსტი შეფასება იქნება. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოთ და იყოთ თანამშრომლობისთვის გახსნილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ და თბილისის საკრებულოს თანამშრომლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი