ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან შეხვედრით დაიწყო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი პენტაგონში გაიმართა, რის შემდეგაც კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის მდივანს აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯეიმს მატისმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) 2.2 %-ით. ეს კარგად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტურობის გაზრდას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს“,- აღნიშნა ჯეიმს მატისმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის მადლიერება გამოხატა. მისი განცხადებით, ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აშშ-ის მხარდამხარ მისიაში მონაწილეობა გააგრძელოს.

ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში გაკეთებული განცხადება – „ამერიკა საქართველოს გვერდით დგას“. „ამ პირობას ამყარებს ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებები – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვნად აფასებს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმართულებით, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება და ქვეყნის მდგრადობისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელ ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან და კონგრესში აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე სენატორ ლინდსი გრემთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები