„სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების მართვის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ ჩამოყალიბდა. DIB-ში დღეს საპილოტე კურსი დაიწყო, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ტრენინგი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და DIB-ის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გახსნეს, იტალიურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

მონაწილეებს სიტყვით საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, თავდაცვის ატაშემ, კაპიტანმა ატილიო გატიამ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, როზარია პულიზიმ და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა, ანტონიო პენინომ მიმართეს, რომელიც საქართველოს კურსის გახსნასთან დაკავშირებით ეწვია.

ტრენინგის მიზანს პოსტკონფლიქტური სიტუაციის მრავალფეროვანი და რთული გარემოს შესახებ მსმენელების ინფორმირება, სტაბილურობისა და რეკონსტრუქციის ოპერაციებში მონაწილე მხარეებზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების მიმოხილვა, მრავალმხრივი თანამშრომლობისა და უწყებათშორისი კოორდინაციის აუცილებლობის გაცნობიერება წარმოადგენს.

კურსს ოთხი დღის განმავლობაში ქართველ ექსპერტებთან ერთად, იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის წარმომადგენლები გაუძღვებიან.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, იტალია სკოლის პროექტის მხარდამჭერი ქვეყანა, რაც ერთობლივი კურსების შედგენის პროცესის ხელშეწყობით გამოიხატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები