ქედის ჩხავერის კრეფაში ზურაბ პატარაძე ჩაერთო

წარმატებული რთველის შემდეგ ქედაში, სოფელ ვაიოში,  გვიანი ჯიშის ყურძნის, ცნობილი ქედის ჩხავერის კრეფა დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შავიშვილების ოჯახს ესტუმრა და ჩხავერის პირველი მოსავლის აღებასა და ყურძნის დაწურვაში მიიღო მონაწილეობა.

ზურაბ პატარაძემ ქედის სახალხო დღესასწაულის „შემოდგომა ქედაში” მონაწილე  სტუმრებს რთველის დაწყება მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ ქედაში იგეგმება.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაიოში. მიხარია, რომ დღეს ვესწრები რთველს და ერთ-ერთ ულამაზეს ოჯახში ვარ სტუმრად. კომპლექსურად უნდა მივხედოთ და შევხედოთ ჩვენს წარმატებულ პროექტებს. ამ ოჯახმა პროექტის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიიღო დაფინანსება და დღეს უკვე აქ არაჩვეულებრივი საოჯახო ტიპის სასტუმრო არსებობს. აქვეა ვენახები, მოდის ჩხავერი, ცოლიკაური. ნებისმიერ სტუმარს, უცხოელ თუ ქართველ ტურისტს აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა რთველში და უშუალოდ თვითონ დაწუროს ღვინო, გაეცნოს ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას”, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ყურძნის კრეფისას.

შავიშვილების ოჯახს საკუთარი საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს. ოჯახმა გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 10 000 ლარის ოდენობით დაფინანსება მოიპოვა და სასტუმრო მოაწყო. წელს, უკვე, სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტებს მასპინძლობდა.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ქედაში “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში 57 ფერმერმა სულ 446 276 ლარით ისარგებლა. მათ შორის სატუმროებისა და ღვინის მარნების ქსელის გასაფართოებლად 26 პროექტი დაფინასდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები