ქუთაისსა და ხუთ თვითმმართველ თემში შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო

ქუთაისში, ბორჯომში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო.

მეორე ტურში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში 6 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს, მათგან ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.

ცესკოს ცნობით, არჩევნების მეორე ტური 317 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, ერთი ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.

რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენს.

საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა 299 450 ბიულეტენი.

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში – მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.

ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში მერობისთვის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე,
ბორჯომში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე იბრძვიან.

ხაშურში მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობენ.

ოზურგეთში მეორე ტური „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს, კონსტანტინე შარაშენიძეს შორის იმართება. .

ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძვიან.

მარტვილში – მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია მონაწილეობენ.

როგორც ცესკოში აცხადებენ, დღეს, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე http://www.results.cec.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები