პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, “პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრი” გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში “პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრი” გაიხსნა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამავე პროექტის ფარგლებში, რომელიც პროფესიული ეთიკის განვითარების საკითხებს შეეხება, “პროფესიული ეთიკის განვითარების” კრებულიც გამოიცა.
ცენტრის გახსნისა და კრებულის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრო. როგორც მან აღნიშნა, ეს ცენტრი თითოეულ სახელმწიფო უწყებას გამოადგება და ამ მიმართულებით, სტუდენტები დამატებით ცოდნას მიიღებენ.
“პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა მხარი დაუჭირა უნივერსიტეტში კვლევითი ცენტრის გახსნას, შემუშავდა სასწავლო პროგრამა და გამოიცა ბროშურა. პროფესიული ეთიკა თემაა, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, ეს არის სწორედ ის საკითხი, რომელიც თითოეულ სახელმწიფო უწყებას გამოადგება და ის, რომ ამ მიმართულებით სტუდენტები მიიღებენ დამატებით ცოდნას, აიმაღლებენ კვალიფიკაციას, მისასალმებელია, ვინაიდან პროფესიული ეთიკის განვითარება ის საკითხია, რომელსაც მუდმივად სჭირდება დინამიკური ზრდა”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
“პროფესიული ეთიკის განვითარების” კრებულით, უმაღლეს საგანმანათლებლო და დაინტერესებულ სახელმწიფო დაწესებულებებში, შესაძლებელი იქნება პროფესიული ეთიკის საფუძვლების, საჯარო, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების საქმიანობის ძირითადი პრინციპების, პროფესიული ეთიკისა და ქცევის თანამედროვე სტანდარტების სწავლება.
ღონისძიებას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები