დიპლომატის დღის აღსანიშნავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეს გამართავს

დიპლომატის დღესთან დაკავშირებით, 12 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერაქციული ხასიათის შეხვედრა „ერთი დღე ქართველ დიპლომატთან” გაიმართება. ღონისძიება ღია კარის ფორმატის პრინციპით ჩატარდება და სტუმრებს საშუალება ექნებათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მიმართულებებს, უწყების სტრუქტურულ ერთეულებს და იქ მომუშავე თანამშრომლებს გაეცნონ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების კუთხეები, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და ასევე, უშუალოდ გაესაუბრონ სამინისტროს თანამშრომლებს.
სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გახსნის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს და უწყების საქმიანობის პრიორიტეტებს მიმოიხილავს. მოწვეული სტუმრების წინაშე საინფორმაციო პრეზენტაციებით მინისტრის მოადგილეებიც წარდგებიან, რომლებიც მათი საკურაციო სფეროების მიმართულებით გააცნობენ საზოგადოებას სამინისტროს საქმიანობას.
ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველი დიპლომატები, სტუდენტები, პროფესორები, ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები მიიღებენ. ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება. თარიღი დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები