საქმეები, რომლის გამოც გიორგი ონიანს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ „კვირას” თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.
როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გიორგი ონიანს პატიმრობა დავით შათირიშვილის და ლევან მდინარაძის საქმეებთან დაკავშირებით შეეფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ონიანმა 2011 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა.
შპს „დაო-პრინტი“ იმ დროისათვის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებას ახდენდა და სწორედ ეს ფაქტი გახდა დ.შათირიშვილის დაკავების მიზეზი, რაც მას პირდაპირ დაუფიქსირა საუბარში გ.ონიანმა დაკავების შემდეგ.
გ.ონიანმა, თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, რომ დავით შათირიშვილი თითქოსდა უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. რეალურად კი, აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებს მიღებული არ ჰქონდათ. იმავე დღეს, გ. ონიანის ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაკავებულ იქნა დავით შათირიშვილი. პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს. თუმცა, მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში დავით შათირიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო დაკავებიდან, გიორგი ონიაინის ბრძანებით იგი გლდანი-ნაძალადების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში იქნა გადაყვანილი.
დავით შათირიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დავით შათირიშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.
გიორგი ონიანის ძალისხმევის შედეგად, დავით შათირიშვილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით და საქმე საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარიმართა სასამართლოში.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 25, 341-ე მუხლით და 3691-ის მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.
კიდევ ერთი საქმე ლევან მდინარაძეს უკავშირდება, რის გამოც გიორგი ონიანს ბრალი დაუმძიმდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, გიორგი ონიანის მიერ კიდევ ერთი პირის დევნა განხორციელდა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ იქნა დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლევან მდინარაძე (საზოგადოებისთვის ცნობილი ზედმეტსახელით დიჯეი რემბო). გ. ონიანის ბრძანებით დაკავებული გადაყვანილი იქნა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ისე, რომ მას ჩხრეკა არ ჩატარებია.
ლევან მდინარაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლევან მდინარაძისაგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საუბრისას გიორგი ონიანმა უკანონოდ დაკავებულ ლევან მდინარაძეს განუცხადა, რომ იგი ისჯებოდა „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების გავრცელების გამო. ლევან მდინარაძის მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის გიორგი ონიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გიორგი ონიანისთვის ეს უკვე მეორე ბრალდებაა. პირველ შემთხვევაში მან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის, ზემოხსენებულ ფაქტამდე 2 დღით ადრე შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი იდენტური სცენარით უკანონოდ დააკავა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა გიორგი ონიანი, რომელსაც 2014 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 20 000 ლარის ოდენობით შეეფარდა. მთავარი პროკურატურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, სადაც პროკურატურა კვლავ მოითხოვს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.
ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები