ადვოკატი: თიანეთის მერობის არცერთ კანდიდატს დღეს 50%-ს პლიუს ერთი ხმა არ აქვს, შესაბამისად, უნდა ჩატარდეს მეორე ტური

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის ადვოკატის განცხადებით, იმისთვის, რომ კანდიდატი გამარჯვებულად გამოცხადდეს, მას უნდა ჰქონდეს არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა 50%-ს პლიუს ერთი ხმა, თიანეთის მეროების არცერთ კანდიდატს დღეს ეს მოცემულეობა არ აქვს.
მისივე თქმით, ამიტომ უნდა ჩატარდეს განმეორებითი ტური.
ადვოკატმა შესაბამისი განცხადება, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და სამართლებრივი ნორმები განმარტა.
„დავა არის წმინდა სამართლებრივი, გვაქვს უბნების შემაჯამებელი ოქმები, სადაც დაფიქსირებულია არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების და კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. საარჩევნო კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად, გამარჯვებულის გამოსავლენად აუცილებელია გამარჯვებულმა კანდიდატმა დააგროვოს არჩევნებში მონაწილეთა 50%-ს პლიუს ერთი ხმა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენები, ეს არის ორგანული კანონის პირდაპირი განმარტება. 169-ე მუხლში, რომ იყოს ჩანაწერი, რომ გამარჯვებულად ჩათვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმების რაოდენობის ნახევარზე მეტს მიიღებს, მაშინ იქნებოდა ცესკოსა და საოლქო-საარჩევნო კომისიის პოზიცია მართალი. არცერთ კანდიდატს დღეს 50% -ს პლიუს ერთი ხმა არ აქვს უნდა ჩატარდეს მეორე ტური“, – განაცხადა ვლადიმერ სანიკიძემ.
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს, 13.00 საათზე გამოაცხადებს.
ლელა ქიტესაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. თუმცა, მისი მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები