სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკო-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკო-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, რომლითაც ისინი 21 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებასა და შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.

როგორც „კვირას“ სასამართლოდან აცნობეს, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ არჩევნების დროს ვინმეზე ზეგავლენის მოხდენას ჰქონდა ადგილი, რამაც არჩევნებზე იძულებით მისვლა გამოიწვია.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არაობიექტურად მიიჩნევს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მათ მოთხოვნაზე სასურველი შედეგი არ დადგება, ამ გადაწყვეტილებას ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

”მოსამართლე ივლიანე ღლონტმა, სასამართლოს გადაწყვეტილების გზით, პოლიტიკური დევნა დააკანონა და მიწა მიაყარა კანონიერ მოთხოვნებს, რომლის ავტორიც 20 პოლიტიკური პარტიაა. ჩვენ ვითხოვდით თბილისის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, ასევე, უბნების გადათვლას და დარწმუნებას, თუ რამდენი ხმა იქნა მოპარული 2017 წლის არჩევნებზე. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ აუცილებლად ეროვნულ დონეზე. ყველა ინსტანციას მივმართავთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს და სამართლებრივ ბრძოლას იქ გავაგრძელებთ”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ლიდერთა საბჭო, რომელიც 20-მდე ოპოზიციურ პარტიას მოიცავს, აცხადებს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები