საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

დღეს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ ათი ოპოზიციური პარტიის მიერ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. როგორც ჟურნალისტებს არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, კახა კუკავამ განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუშინდელ პროცესზე ვიდეომტკიცებულებები წარმოადგინეს, რომელიც, ადასტურებს იმას, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა.

”ვიდეომასალებში ჩანს, თუ როგორ აძლევს ერთი ადამიანი ხმას ორჯერ. სამწუხაროდ, 2017 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლისთავზე, მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში ჩატარდა ზუსტად ისეთივე არჩევნები, როგორსაც ატარებდა ედუარდ შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი. ამის პასუხს ივანიშვილი აუცილებლად მიიღებს”, – განაცხადა კახა კუკავამ.

ცესკო-ს წარმომადგენელი იოსებ ლომაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო ოპოზიციის სარჩელს არ დააკმაყოფილებს. სასამართლომ ცესკო-ს წინააღმდეგ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი განიხილა, რომლითაც ოპოზიცია 21 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაბათილებას ითხოვს. ოპოზიციის მტკიცებით, სარჩელში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ ყალბდება არჩევნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები