ეკონომიკის სამინისტრო: ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები იკვეთება

„ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის არსებული დასკვნით, უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები იკვეთება“, – ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინდელის სახელობის შახტაში მოკვლევა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში იმყოფებოდა ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებას ამ დრომდე სწავლობს.
„სპეციალისტებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს ის ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 27 ოქტომბერს მეშახტე დავით ფორჩხიძე გარდაიცვალა. ამ ეტაპისთვის არსებული დასკვნით, იკვეთება უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები. შახტაში სამთო მასის ჩამოშლა მოკვლევის განხორციელებისასაც მოხდა, რის გამოც ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფის მიერ კონკრეტულ სამუშაო უბანზე სამუშაოების შეჩერების რეკომენდაცია გაიცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე მოკვლევის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორი ბექა ფერაძე და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე ხელმძღვანელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები