დავით აბულაძე: 2030 წლისთვის განაშენიანების გეგმის მიხედვით, დაგეგმარების საჭიროება აღარ იქნება
“არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, დავით აბულაძემ, ქალაქის მთავარ გამოწვევებზე არქიტექტურისა და სამშენებლო ნებართვების გაცემის საკითხზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან ასევე „სამშენებლო კოდექსის“ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„მიმდინარეობს თბილისის გენგეგმის სრულყოფის სამუშაოები. ძირითადი საფუძვლების: ინსტიტუციური უზრუნველყოფის, საკანონმდებლო უზრუნველყოფისა და დაგეგმარების დოკუმენტის მეშვეობით შეიძლება ვისაუბროთ წესრიგზე. წესრიგი, რომ არ არსებობს ეს კარგად ჩანს ქალაქის განაშენიანებაზე. სივრცითი მოწყობის და მშენებლობის კანონი ეს არის ჩარჩო, ძირითად პრინციპებზე.
დედაქალაქის დონეზე ჩვენ გვაქვს დაგეგმარების ორი სისტემა, გენერალური გეგმა, რომელიც ზოგად საკითხებზე საუბრობს და შემდეგ განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც არის მშენებლობის წინაპირობა. ანუ გვაქვს გამოტოვებული შუა საფეხური, რომელიც ზოგადიდან უფრო დეტალურზე ჩამოდის. კოდექსში ნათლადაა გაწერილი დაგეგმარების დოკუმენტის მასშტაბები, ეს კომპონენტიც დარღვეულია დღეს.
საკითხთა იერარქია, თავსებადობა ყველაფერი აღრეულია და ამიტომ ეს კოდექსი ნაწილობრივ თუ არა ძირითად ასპექტებს მოაწესრიგებს.
კოდექსის მიღება შესაძლებელი იყო, თუმცა გაჩნდა ალტერნატიული ვერსია, ამის გამო მიდის შეჯერებულ ვარიანტზე მუშაობა რაც დროში ფერხდება”, – აღნიშნა დავით აბულაძემ.
“არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარემ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არი ქალაქის მთავარი პრობლემა. მისივე თქმით, განაშენიანების გეგმის მიხედვით 2030 წლისთვის რაღაც ახლის დაგეგმარების საჭიროება აღარ იქნება.
„მშენებლობაზე გაცემული ნებართვები ეს არის მთავარი პრობლემა, რომელმაც შეიძლება დაახლოებით 10 წელი გასტანოს. სანებართვო დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება განაშენიანების რეგულირების გეგმას, შინაარსობრივად გულისხმობს ამ საკუთრების ამ უფლების დაცვას, ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს ამდაგვარ საკუთრებაზე უფლების დაცვა და მეორე მხრივ ის უკმაყოფილება, რომელიც განაშენიანებას უკავშირდება. ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ განაშენიანების გეგმას, მაგის მიხედვით 2030 წლისთვის აღარცაა საჭირო რაღაც ახალი დავაგეგმაროთ. კარგი იქნება ამ საკითხზე დიალოგი გაიმართოს, დიალოგის საფუძველზე კი მოხდება დამტკიცებული განაშენიანების დოკუმენტის გადახედვა და რიგ შემთხვევაში უნდა მოხდეს ადგილმონაცვლეობა, საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე“, – განაცხადა “არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, დავით აბულაძემ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.