გამოფენა: „ზურაბ კიკალეიშვილი – რეტროსპექტივა“ გაიხსნება

25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გამოფენას: „ზურაბ კიკალეიშვილი – რეტროსპექტივა“ გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა ეძღვნება ბალეტის ცნობილ მსახიობს, ქორეოგრაფს, პედაგოგს, კინომსახიობს ზურაბ კიკალეიშვილს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვახტანგ ჭაბუკიანის ერთ-ერთი მოსწავლის, მეგობრისა და სასცენო პარტნიორის შემოქმედებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები; ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმის ფონდსა და ასევე ზურაბ კიკალეიშვილის შვილის, მაკო აბაშიძის პირად არქივში დაცული მასალები: ფოტოსურათები, ნახატები, ჩანაწერები საბალეტო სპექტაკლებიდან და ფრაგმენტები კინოფილმებიდან: „გორდა“, „ოტელო“, „სინათლე“ და „ვერის უბნის მელოდიები“. სადაც ზურაბ კიკალეიშვილის პარტნიორები არიან: ვახტანგ ჭაბუკიანი, ლილიანა მითაიშვილი, ვერა წიგნაძე და ევგენია გელოვანი.
ზურაბ კიკალეიშვილი 1924 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა და სიმბოლურად მისი შემოქმედების ამსახველი გამოფენაც მის დაბადების დღეს იხსნება. მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იგი საქართველოში აგრძელებს თავის კარიერას, ვ. ჭაბუკიანთან ერთად იწყებს ქართული ბალეტის განვითარებასა და აღორძინებას. ზურაბ კიკალეიშვილი 1942 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, 1942 წლიდან მსოფლიო საბალეტო სასწვალებლებისა და თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებლის პედაგოგი.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა ტოკიოს “ტოკიო ბალეტის” (1967-1968 წწ), სტოკჰოლმის სამეფო ბალეტის თეატრის; (1978-1979წწ) თურქეთის (1983-1984წწ) საბალეტო დასებთან.
გამოფენა 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები