თაღლითობისთვის ბრალდებულს, რომელმაც ქალბატონებისგან ფოტოაპარატები იქირავა და დაალომბარდა, 7 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, თაღლითობის სამ ეპიზოდში ბრალდებული გიორგი ჩ. დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა დაზარალებული პირების მარიკა ქ.-სა და კესო გ.-ს ნდობით ისარგებლა, დაარწმუნა ისინი თითქოს იყო ფოტოგრაფიით დაინტერესებული პირი და მათთან გააფორმა წერილობითი, იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მატერიალური ანაზღაურების პირობით დროებით სარგებლობაში იღებდა მათ კუთვნილ ფოტოაპარატებს.
დაზარალებულებმა, რამდენჯერმე გადასცეს ფოტოკამერები ბრალდებულს, რომელმაც ყოველ ჯერზე დააბრუნა ნივთები, თუმცა იჯარის თანხა არცერთხელ აუნაზღაურებია, სანაცვლოდ კი პირდებოდა, რომ ფულს ერთბაშად გადაიხდიდა. მან კიდევ ერთხელ გამოართვა გოგონებს ფოტოაპარატები დაბრუნების პირობით, თუმცა რეალურად, ნივთები ჩააბარა ლომბარდში, თავად კი ტელეფონი გამორთო და მიიმალა. იგივე სქემით, ბრალდებულმა ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს, ძვირადღირებული, ორი ცალი ვიდეოკამერა გამოართვა, ფილმის გადაღების მოტივით, რეალურად კი კამერები ლომბარდში ჩააბარა, რითიც კომპანიას 21 446 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენა.
ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა აღიარა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები, ამოცნობისა და დათვალიერების ოქმები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
სასამართლომ, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალად შერაცხული, განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულები ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ და სახეზეა დანაშაულის რეციდივი, ამასთან სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო გიორგი ჩ.-ს მხრიდან დანაშაულის აღიარება და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.