ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმას განიხილავს

0

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან, სადაც კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა კომიტეტის საქმიანობის სტრატეგიულ მიზნებს, რაც ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურად განხორციელებას, საპარლამენტო დიპლომატიის გზით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და  საზოგადოებასთან კომუნიკაციას მოიცავს. მისი თქმით, ეს არის კონსულტაციების შედეგად შემუშავებული და შეჯერებული დოკუმენტი,  რომელშიც ყველა ის ძირითადი მიმართულებებია ასახული, რაზეც მომდევნო პერიოდში მუშაობაა დაგეგმილი.

„სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, ვერ შეასრულებს თავის მიზნებს, თუ მასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი კონსულტაციები არ შედგება ისეთ მნიშვნელოვან ჩართულ სუბიექტებთან, როგორებიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან. ჩვენი მიზანია,  დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში აისახოს ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრება, რასაც დღევანდელი შეხვედრა ემსახურება”, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ევროპასთან ინტეგრაციის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

„ეს დოკუმენტი პარლამენტში ფართო კონსულტაციის ობიექტია, რადგან ბევრი რამ, რაც ჩვენ დავისახეთ მიზნად დამოკიდებულია ასევე, დარგობრივი კომიტეტების ჩართულობაზე. ჩვენ ვიმუშავეთ იმაზე, რომ ჩვენი გეგმები ჰარმონიზებული ყოფილიყო”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ და მადლობა გადაუხადა, პროექტის მხარდამჭერებს და გეგმის შემუშავებაში ჩართულ პირებს.

კომიტეტმა სამოქმედო გეგმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში” მხარდაჭერით მოამზადა.

„ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს პარლამენტს და გაეროს განვითარების პროგრამას და სასიამოვნოა, რომ ეს მხარდაჭერა ძალიან წარმატებულია და აღწევს თავის მიზანს.  ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ვაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა მან ასოცირების ხელშეკრულების აღსრულების გზაზე ეფექტური მონიტორინგი უზრუნველყოს”, – განაცხადა დემოკრატიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის მენეჯერმა, დომენიკა სკუპიდამ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ხილვა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი თანამშრომლობს და მუდმივად არის კომუნიკაციაში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობენ.  იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. დარწმუნებული ვართ, რომ ამაში რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან”, – განაცხადა დომენიკა სკუპიდამ.

გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მიმართულების ხელმძღვანელის, გიგი  ბრეგაძის თქმით,  – წარმოდგენილი დოკუმენტი არის ძალიან აქტიური და გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგი. მისივე თქმით, პარლამენტის კომიტეტების სამოქმედო გეგმებში არის სიახლე, რომლის თანახმად, კომიტეტების აქტივობები დაკავშირებულია გაეროს გლობალური განვითარების მიზნებთან და ასოცირების ხელშეკრულების კონკრეტულ მოთხოვნებთან.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანები და მიზნები  დამსწრე საზოგადოებას, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესულების მიმართულებით, EU-UNDP საპარლამენტო პროექტის კონსულტანტმა, ვანო ჩხიკვაძემ გააცნო.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2017-2020 წწ. სამოქმედო გეგმის დამტკიცებას კონსულტაციების დასრულების შემდეგ, ნოემბერში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი