ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები დაგმეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ინიციატივით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

სხდომაზე განცხადება  ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა  გააკეთა, რომელმაც ეუთო-ს მუდმივ საბჭოს მიმდინარე წლის  10-11 ოქტომბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს ელჩმა, თავის განცხადებაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტზე გაამახვილა და აღნიშნული  შეაფასა, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება.

საქართველოს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ.

სხდომაზე განცხადებები  ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნორვეგია, უკრაინა და მოლდოვა.

გამომსვლელებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ერთხმად გამოხატეს.

ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე აქცენტი გაკეთდა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში მონაწილეთა მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით დისკუსიების გაგრძელება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ხსენებულ განცხადებასთან ერთად ადგილზე უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად ახალი საერთაშორისო მექანიზმის შექმნა უნდა მოხდეს. ამასთან, ხაზგასმულ იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ძალის არსებობის პირობებში, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების მკაფიო ვალდებულების აღების საჭიროება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთის სამხედრო წვრთნების გახშირების თაობაზე, ე.წ. „ბორდერიზაციის” პროცესის მიმდინარეობასა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების ფაქტსა და  გალის რაიონში ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ დისკრიმინაციაზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობა ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, მოუწოდა რუსეთის ფედერაციას  2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში შესვლის აუცილებლობას.

აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში  აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ 2 სასაზღვრო გამშვები პუნქტის დახურვის,  სხვადასხვა ხელოვნური ბარიერისა და სადემარკაციო ნიშნების აღმართვის ფაქტები დაგმო და აღნიშნა, რომ ამით  ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება იზღუდება

ამასთან, აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა სოფელ ერედვში  ქართველი დევნილების სახლების განადგურების ფაქტთან დაკავშირებით  და აღნიშნა, რომ მათ აქვთ თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება.

აშშ-ის წარმომადგენელმა  წუხილი გამოთქვა გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიების შეჩერებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძირს უთხრის  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.

აშშ-ს დელეგაციამ აგრეთვე გამოთქვა წუხილი, რომ ვერც ერთ სამუშაო ჯგუფში ვერ მოხერხდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სრულად განხილვა, მათ შორის ვერც იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის, რადგან მეორე სამუშაო ჯგუფში მონაწილეებმა განხილვები კვლავაც დატოვეს და გავიდნენ დარბაზიდან. თავის განცხადებაში აშშ-მ მოუწოდა მონაწილეებს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისაკენ, იმისათვის, რომ ჟენევის დისკუსიების შემდეგ რაუნდებზე მოხდეს ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა, მათ შორის იძულებით ადგილნაცვალ პირთა საკითხის.

შეხვედრაზე აშშ-ს წარმომადგენელმა მოუწოდა მხარეებს კონსტრუქციული მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმების მისაღწევად.

აშშ-მ რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები