“ოპოზიციური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული არჩევნების დღემდე”

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული არჩევნების დღემდე, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა. ცესკოს თავმჯდომარე საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას გამოეხმაურა.
„ჩვენთან შემოვიდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წერილი, სადაც 14 პოლიტიკური გაერთიანება არის წარმოდგენილი და ერთი უფლებამოსილი პირი აწერს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოთხოვნას აქვს თავისი საფუძველი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ უფრო მეტი დაფინანსების შესაძლებლობა, თუმცა მეორე მხრივ, არის საკანონმდებლო რეგულაციები. ჩვენ ამ საკითხზე გუშინ გვქონდა განხილვა და დღესაც ვიხილავთ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მისვე განმარტებით, არსებობს საკანონმდებლო ჩანაწერები, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან.
„გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული არჩევნების დღემდე, მაგრამ ახლა არ შემიძლია ვთქვა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იმდენად, რამდენადაც, არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ჩანაწერები და დაფინანსების რეგულაციები, რომლებიც შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან. ზოგიერთ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს შესაძლოა, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე არ ჰქონდეს საბიუჯეტო დაფინანსება, რაც გამოიწვევს იმას, რომ შესაძლოა, აღმოჩნდეს ზედმეტად გადარიცხული თანხები. სწორედ ეს ნიუანსები არის გასათვალისწინებელი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება”, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები