მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა 79 ფერეიდნელ ქართველს მიენიჭა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ ხუთწლიან პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების 32 523 განაცხადი განიხილა. აქედან 23011 დადებითი დასკვნა გაიცა, რომლის 86% საქართველოში დაბადებულ, ან საქართველოში დაბადებულ და ამავდროულად საქართველოს ყოფილ მოქალაქეს ეხებოდა.
„2013-2017 წლებში მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ გაცემული 23 011 დადებითი დასკვნიდან 86% საქართველოში დაბადებულ ან საქართველოში დაბადებულ და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქეს ეხებოდა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში მოქმედმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ დღეს თავისი საქმიანობის 2013-2017 წლების ანგარიში გამოაქვეყნა და მასში იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება მიიქცია.
ანგარიშის თანახმად, 2013-2017 წლებში, კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების 32 523 განაცხადი იქნა განხილული, რომელთაგან 23 011 საქმეზე, დადებითი დასკვნის სახით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა. კომისიის დადებითი დასკვნების 86%-ის შემთხვევაში, რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გაიცა იმ პირებზე, ვინც ან საქართველოში დაბადებული, ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან კიდევ მათი ოჯახის წევრები იყვნენ. მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უცხოელის ნატურალიზაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გზით ხდება და მისი 5 სახე არსებობს (მე-9 და 31-ე მუხლები): – საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლიათ მას, ვინც 5 წელი მაინც ცხოვრობდა საქართველოში, იცის ქართული ენა, მუშაობს ან ფლობს ქონებას საქართველოში); – საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებული წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლია მას, ვინც საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდა და 2 წელია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს); – საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით (როდესაც არსებობს სახელმწიფო ინტერესი ან პირს აქვს დამსახურება სახელმწიფოს წინაშე); – საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება აღდგენის წესით (მაგალითად, პირი, რომელმაც წარსულში მომართა სახელმწიფოს და თავისი ნებით, ოფიციალურად გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან); – საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სპეციალური წესით (ამ წესით მოქალაქეობის მოპოვება შეუძლია, მაგალითად, მას, ვინც დაიბადა საქართველოში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, არ ითვლება მოქალაქედ). მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე და 24-ე მუხლების მიხედვით, სერვისების განვითარების სააგენტო („სააგენტო“) არის ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებსა და წარდგინებებს იხილავს, შესაბამის დასკვნას ამზადებს და მათ საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილებისათვის წარუდგენს. ამ მიზნების ეფექტურად შესრულებისათვის, სააგენტოში შექმნილია მოქალაქეობის საკითხთა კომისია („კომისია“) სააგენტოს 2, პრეზიდენტის 1 და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 წარმომადგენლის მონაწილეობით. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭება თუ: – არსებობს სახელმწიფო ინტერესი, ან – განმცხადებელს აქვს დამსახურება ქვეყნის წინაშე. ნატურალიზაციის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ზემოხსენებული ორი პირობიდან ერთ-ერთი საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღების აუცილებელი საფუძველია და ორივე პირობა შეფასებითი მსჯელობის საგანია. როგორც დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, კომისიის საქმიანობის პრაქტიკამ გამოკვეთა ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მიიჩნევა, რომ პირისათვის მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესია. ეს გარემოებები, როგორც წესი, უკავშირდება საქართველოს ისტორიას, მათ შორის უახლეს წარსულში განვითარებულ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს. მაგალითისათვის, კანონით განსაზღვრული სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომისია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას სახელმწიფო ინტერესად მიიჩნევს იმ პირებისათვის, რომლებიც: ა) გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და იქ დაფუძნდნენ (ძირითადად, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში), მაგრამ ბოლო პერიოდში სამშობლოში დაბრუნებისა და აქ დამკვიდრების სურვილს გამოთქვამენ; ბ) საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან წავიდნენ და თავი საზღვარგარეთ შეაფარეს, დღეს კი ბრუნდებიან სამშობლოში; გ) წინა პუნქტში მოხსენიებული პირების ოჯახის წევრები არიან და შესაძლოა, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიბადნენ; დ) ეთნიკური აფხაზები ან ოსები არიან და სურთ დაუბრუნდნენ საქართველოს სამართლებრივ სივრცეს; ე) ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ; ვ) უცხოელები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდნენ, ჰყავთ საქართველოს მოქალაქე შვილები; მათთვის საქართველოს მოქალაქეობა ოჯახის ერთიანობისა და ურღვევობის ხელშემწყობი ფაქტორია, ხოლო წარმომავლობის ქვეყნის მოქალაქეობის შენარჩუნება კი მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს; ზ) უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობენ, მუშაობენ, ფლობენ ქონებას, ასევე იციან ქართული ენა ან/და მათ მიერ საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიცია; თ) უცხოელი სპორტსმენები, მეცნიერები ანდა ხელოვნების მუშაკები, რომელთაც საქართველოს სახელით უნდა იასპარეზონ ან იმოღვაწონ; და სხვ. ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს საზოგადოების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესის შესაბამისად, ცალკე იქნა გამოყოფილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, კომისიის დადებითი დასკვნის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა 79 ფერეიდნელ ქართველს მიანიჭა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები